განახლებული მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია, რომელიც სამ მინისტრს შეეხება.
წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, ეს არის მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა" - თქვა პრემიერმა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს, ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - განაცხადა პრემიერმა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, ანრი ოხანაშვილი: "მადლობა ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს ჩვენი გუნდის წევრს გაწეული შრომისთვის, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას".
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი: "ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მე მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი: "დიდი მადლობა ბატონი პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და აგრეთვე, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც თავისთავად, ცხადია, წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ".
იხილეთ ასევე: