XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა.
პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ “პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული საქართველოს ინტერესების შესაბამისად“.
XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერებიც დაამტკიცეს.
პაპუაშვილის თქმით, ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარბაზში, მათთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან.
„მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი თვის წინ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება თუ ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს.
„ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.