სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
Politico -ს ინფორმაციით, სერბეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას ცდილობდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაში მთავრობა დაადანაშაულეს და ბანერები აღმართეს, წარწერით “ხელები სისხლში გაქვთ“.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ყვირიან დეპუტატები, ასევე, ერთმანეთს ხელს ურტყამენ და წყალს ასხამენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, რადომირ ლაზოვიჩის ცნობით, პარლამენტის რამდენიმე წევრი დაშავდა.
შეგახსენებთ, ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირას გამოძიების ფარგლებში 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გორან ვესიჩი.
იხილეთ ასევე: