"საბავშვო პროექტებზე მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს, - ეტყობა, ამდენმა წარმატებამ ასე განმაწყო. დიდი წარმატებები ბავშვებთან მუშაობით მივიღე და ალბათ ეს განსაზღვრავს იმას, რომ ამ ქვეყანაში და ქვეყნისთვის ნიჭიერ ხალხთან ერთად რაღაც შემიძლია გავაკეთო,“ - გვეუბნება მუსიკოსი გიგა კუხიანიძე.
ქართულ პოპმუსიკაში მისი შექმნილი არაერთი ნამუშევარი ჰიტია, მაგრამ გიგას ყველაზე დიდი მიღწევა მაინც საბავშვო "ევროვიზიის" განვითარებაში შეტანილი წვლილია.
- გიგა, როგორ ჩაერთეთ ამჯერად "ევროვიზია 2024“-ში?
- მოგეხსენებათ, რომ საბავშვო "ევროვიზიის" არაერთი პროექტზე მიმუშავია, თუმცა ყველა ჩემი გაკეთებულია-მეთქი, - ასე არ არის, მაგალითად, შარშან არ მიმუშავია. წელს შემოთავაზება ისევ მივიღე და დავთანხმდი. ანდრია ფუტკარაძე რომ მაჩვენეს, მივხვდი, რა საუკეთესო ბავშვია. ორ წუთში მომხიბლა არა მარტო მისმა ნიჭიერებამ, ეს არასდროს მიკვირს, რადგან ჩვენს ხელში უამრავ საუკეთესო ბავშვს გაუვლია, არამედ იმანაც, რომ ანდრია პიროვნულად საოცარი ადამიანია, გამორჩეული თვისებები აქვს და ეს მაშინვე გამოავლინა. შემდეგ კი მუშაობაში ინსპირაციები თავისთავად წამოვიდა. თავიდან მისთვის სულ სხვა სიმღერა დავწერე, რომელიც მთელ ჯგუფს მოეწონა, მაგრამ მერე მივხვდი, იმ სიმღერით ანდრია თავს სცენაზე სათანადოდ ვერ წარადგენდა.
საერთოდ სიმღერაზე ყოველთვის ბევრი ფიქრი მჭირდება, რომ არ შევცდე. რა თქმა უნდა, შემსრულებელს მონაცემები ხელს უნდა უწყობდეს, რომ ფრთები გაშალოს. ანდრია წამომყვა, თუმცა მას აქვს თავისი ჩარჩოები და შენ, როგორც მუსიკოსმა, თუ საუკეთესო შედეგი გინდა, იმ ჩარჩოს არ უნდა გადაუხვიო... მოკლედ, პაპსა სიმღერა იყო, ხალისიანი, ბედნიერება მოჰქონდა, მაგრამ ანდრიას ის ნამუშევარი არ მოუხდა... ეს ჩვეულებრივი შემოქმედებითი პროცესია და რაც არ უნდა ღამეები გქონდეს ნათენები, კვლავ ახალ ვერსიაზე მუშაობა არ უნდა დაგეზაროს. მუშაობა ნულიდან დავიწყე და ამ პროცესში ენერგიას ანდრია თვითონ მაძლევდა. თუმცა დრო ცოტა იყო, ვადები იწურებოდა - ეს ისტერიკაში გვაგდებდა...
- საბოლოოდ შექმენით სიმღერა დედაზე. ეს ემოცია მუსიკის წერისას მოვიდა?
- ანუ იცოდით, რომ გაიმარჯვებდა...
- მაგას ვერ ვიტყვი, თუმცა ასე ვფიქრობდი, თუ პროფესიონალი ჟიური ამას ისე მიიღებს, როგორც მე მესმის და მე წარმომიდგენია, შეიძლება, კიდევ ერთხელ მოხდეს სასწაული-მეთქი.
- სიმღერა ამ კონკურსის ჟიურიმ მიიღო... და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს თქვენი, როგორ მუსიკოსის აღიარება და გამარჯვებაა...
- საბედნიეროდ ასეა, რაც ჩემთვის ცხოვრების დიდი მოტივაციაა. ეს მაძლევს იმ სტიმულს, რომ კიდევ მეტი გავაკეთო, ადამიანები გავახარო, სიხარული მოვუტანო. მაგრამ ამჯერად ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, ჯგუფის წარმატება, ქვეყნის გამარჯვება და პირველ რიგში, ანდრიას გამარჯვებაა... მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი 2007 წლის მერე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" არსებობს, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ რად გვინდა, ჩავხსნათ, - ვიღაცებისგან მოდიოდა ხოლმე ეს მოსაზრება... არადა, ამ პროექტზე მუშაობა მხოლოდ სიხარულის მომტანია და ეს პროექტი რომ არსებობს, ამით უნდა ვიამაყოთ.
- სიმღერაზე რამდენი ხანი იმუშავეთ და როგორი იყო თქვენი ემოციები?
- 2 კვირა მქონდა და დრო მაქსიმალურად გამოვიყენე. სტუდიაში ვცხოვრობდი, ჩემი ნივთები, ტანსაცმელი, საკვები ყველაფერი იქ მქონდა. სიგარეტის შესაძენადაც არ გამოვდიოდი. აბსოლუტურად, მომზადებული ვიყავი და ჩაკეტილი, რომ 5 წუთიც კი არ დამეკარგა... ემოციურად, კეთების დროს, კმაყოფილი ვიყავი, რაღაც კარგი მოდიოდა, გულიდან მოდიოდა, ყოველთვის ასე ვერ მუშაობ... ოღონდ, ეს ყველაფერი ანდრიას ბრალია, უკარგესი ბიჭია.
- ე.ი. ანდრიამ მოგცათ ამისთვის სტიმული...
- უკარგესი ბიჭია, რომელიც სტუდიაში იჯდა ხოლმე და მეუბნებოდა, არც მე წავალ სახლში, შენთან დავრჩებიო, - ძალიან წუხდა, რომ ღამეებს ვათენებდი. რომ მოვიდოდა, მეკითხებოდა - ღამე კიდევ გაათენეო? ეს ხშირად ხდება, როცა საჭიროა ღამესაც ვათენებ-მეთქი. ამის გამო ძალიან წუხდა. მეც დავრჩებიო, - მეხვეწებოდა, - შენ უნდა გამოიძინო, ენერგია გქონდეს, რომ კარგად იმღერო-მეთქი. მერე ჩუმად მაღაზიაში გადიოდა და შოკოლადი მოჰქონდა. ამან იქნებ ენერგია შეგმატოსო... რაღაც სხვა ადამიანია. მადლობა მის დედიკოს, ყველას, ვინც ის ასეთი კარგი გაზარდა.
- როდესაც გაიგეთ, რომ ანდრიამ გაიმარჯვა, როგორ იყო ეს ემოცია?
- ჩემს სტუდიაში ვუყურებდი, ახლობლებთან ერთად. ვერც ვიყვირე, ვერ ვიტირე, წინა გამარჯვებებზე მსგავსი რაღაცები მქონია, ამჯერად კი ენა ჩამივარდა... ამ გამარჯვებას და დღესასწაულს ყველას ვულოცავ და ეს თითოეულს გვჭირდებოდა, ამდენი ნეგატივის ფონზე ეს სიხარული აუცილებელი იყო და ანდრიამ მოგვიტანა.
- რა არის თქვენთვის ამ პროექტზე მუდმივად წარმატების ფორმულა?
- რა თქმა უნდა, ამას ასე თუ ისე ჩემი გარკვეული უნარები ახლავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. რა პროექტიც არ უნდა იყოს, ყველა დეტალს და წამს განვიცდი.
- მუსიკა თქვენი ცხოვრებაა, მაგრამ როგორ ჩანს, კიდევ სხვა რაღაც არის, ხომ?
- ამ ჩემი საქმით ვცხოვრობ, - ძალიან მიყვარს. მუსიკას ბევრი რამ ახლავს... სულ ვოცნებობ იმაზე, რომ რამე დიდ შოუებს ვაკეთებდე. ვიყო ხელმძღვანელი, საბავშვო მიუზიკლისთვის დავწერო კარგი მუსიკა - ამ ყველაფერში ჩართული ვიყო... კი, ბევრი ოცნება მაქვს რამდენად განხორციელდება, არ ვიცი, რადგან ასეთ მასშტაბურ პროექტებს დიდი მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ მე მინდა, რომ მოვასწრო, ვიდრე შემიძლია და ასაკი ხელს მიწყობს. მინდა, ჩვენს ახალ თაობას სხვა მიმართულება ჰქონდეს და ძალიან ამაყად შეგვეძლოს იმის დაჯერება, რომ ქართველებს შეუძლიათ, ამხელა მასშტაბურ ღონისძიებებზე დავუმტკიცოთ სხვა ქვეყნებს და რომ ხელოვნებაში ნიჭიერებით არავისზე ნაკლებები არ ვართ.
- პატარა მუსიკოსებთან მუშაობა ალბათ განსხვავდება ცნობილ მუსიკოსებთან მუშაობისგან... არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორიც ხართ...
- 2007 წლამდე ცნობილ მომღერლებთან ინტენსიურად ვმუშაობდი, ბავშვებთან არ მიმუშავია. პირველად საბავშვო "ევროვიზიაზე" მაკა აროშიძემ უნიჭიერესმა მუსიკოსმა, არაერთი საბავშვო სიმღერის ავტორმა შემომთავაზა ჩართვა. ბევრი საქმე მქონდა და არ ვთანხმდებოდი, თან საბავშვო "ევროვიზია" ნანახიც არ მქონდა, - ნუ დამღუპავ, სიმღერა მჭირდებაო. რა დავალებაც მომცა, ყველაფერი იმის მიხედვით გავუკეთე, კმაყოფილი დარჩა. ჰოდა, ახლა მაგაზე ვიცინი ხოლმე, ყოველ გამარჯვებაზე ის ადამიანი რომ მილოცავს, ვინც ამ პროექტზე თანამშრომლობა პირველად შემომთავაზა.
პირველ წელს მარიამ რომელაშვილი იყო და მეოთხე ადგილი დავიკავეთ. მერე 2008 წელს "ბზიკებმა“ გაიმარჯვეს... მაკას სულ ვეუბნები, შენ დამღუპე, რას მერჩოდი-მეთქი?! მერე ჯგუფი "ქენდი“ იყო, 2016 წელს მარიამ მამარდაშვილის წარმატება. 2024 წლეს ანდრიამ გაიმარჯვა.
წლების განმავლობაში სამგზის გამარჯვებულები ვიყავით, შარშან საფრანგეთი გაგვიტოლდა და რეკორდი დავკარგეთ, მათაც სამი მოგება ჰქონდათ და წელს ისევ რეკორდსმენები ვართ... 2007 წლიდან ბავშვებთან ვმუშაობ, ცნობილი მომღერლები მთხოვენ, სიმღერები დაგვიწერეო, მაგრამ ვერ ვიცლი. ბავშვთან მუშაობა ხალისიანია, - სუფთა, სხვანაირი ადამიანები არიან, სხვა ენერგიას გაძლევენ, სიხარულს განიჭებენ, დაძაბულობას გიხსნიან, გიჯერებენ, გენდობიან, მოგყვებიან. რასაც ფიქრობ, ყველაფერს, აბსოლუტურად, ისე გიკეთებენ.
ამ წლების შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ცნობილ მომღერლებთანაც მჭირდება მუშაობა. მათთან მუსიკაში კიდევ სხვა თავისუფლებაა. მეტი რაღაცების კეთება შეგიძლია. ამიტომ, მათთანაც დავიწყე მუშაობა... მინდა, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ყველამ ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ და წარმატებები გვქონდეს... ალბათ საბავშვო "ევროვიზიაზეც" კიდევ მოხდება ასეთი სასწაული, ასეთ ფიქრებს რომ ვბედავ, ეტყობა, ცოტა გავთამამდი, ხომ?..
- პირიქით, კარგია...
- რეალურად კი "ევროვიზიას" საქართველოში ველოდებით. გაისად, ნოემბერში ჩვენთან გაიმართება ყველაზე ცნობილი საბავშვო კონკურსის სცენა. ჯერჯერობით ამ ყველაფრის კონკრეტული გეგმა არ არსებობს, ამაზე "პირველი არხი“ ევროვიზიის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს და დეტალები მალე გვეცოდინება. ვინ რას გააკეთებს და ვინ როგორ ჩავერთვებით.
იხილეთ ასევე: