ავტორი:

ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე

ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე

რვა საათიანი სამუშაო დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებისას თავს დაღლილობის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულივით ვგრძნობდი. ერთადერთი, რაზეც საცობში ოცნება შემეძლო - სწრაფი და გემრიელი იდეა იყო ვახშმისთვის. არავითარი რთული რეცეპტი და ერთი საათი სამზარეულოში ტრიალი, არამედ ძალიან მარტივი ვახშამი, რომელიც გემრიელად დამანაყრებდა და არ მოითხოვდა ჩემგან იდეალური დიასახლისის საპატიო წოდებისთვის ბრძოლას.

ოთხმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსიდან ჩამოვედი, მიწას ვაკოცე (ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით) და უბნის სუპერმარკეტ „ნიკორაში“ შევირბინე. - რა შეიძლება მოამზადო სწრაფად? - მაკარონი გუშინ გავაკეთე, წიწიბურა სამსახურში ვჭამე, ნახევარფაბრიკატებიც მობეზრებული მქონდა... საგონებელში ჩავარდნილმა უცბად მაცივარში მზა, დაჭრილ, მწვანე ხახვითა და სანელებლებით შეზავებულ ქაშაყის ფილეს მოვკარი თვალი. გონებაში დამიტრიალდა ცხელ-ცხელი მოხარშული კარტოფილი, შავი პური და ერთი ჭიქა არაყი, რომელიც ამ დასტრესილ და გადაღლილ საღამოს ნამდვილი მისწრება იქნებოდა მოსადუნებლად.

ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა - ჩემი დღის გადამრჩენელი - პატივცემული ქაშაყი!

სახლში მისვლისთანავე კარტოფილი მოსახარშად დავდგი. სანამ გამოვიცვალე და მოვწესრიგდი, მოიხარშა კიდეც. ახლა ისღა დამრჩენოდა საქმე ბოლომდე მიმეყვანა და გემრიელი ვახშმისგან სიამოვნება მიმეღო.

მოკლედ, ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა:

  1. მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ პიურე (კარაქით და ცოტა რძის დამატებით).
  2. თუ დაუჭრელ ქაშაყს იყიდით, დაჭერით პატარა ნაჭრებად. მე „ოკეანეს“ დაჭრილი ქაშაყი ვიყიდე.

3. ხახვი თხელ რგოლებად დაჭერით.

4. მოათავსეთ ყველაფერი თეფშზე: კარტოფილის პიურე ცენტრში, ზემოდან ქაშაყი და ხახვი - ყველაფერს მოაყარეთ ცოტაოდენი დაღერღილი წიწაკა ან შავი პილპილი.

ძალიან უხდება შავი პური და ერთი ჭიქა არაყი (ან ლუდი). განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში დაღლილი და გაყინული ბრუნდები.

როცა ყველაფერი მზად იყო, დავჯექი დივანზე, ჩავრთე „ნეტფლიქსი“ და ჩემი მარტივი შედევრი მივირთვი. ვახშამი ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ ქაშაყს მადლობა გადავუხადე და ის ორი ჭიქა არაყიც ვაპატიე, სულმოუთქმელად რომ გამოვცალე.

თქვენ რას ირჩევთ სწრაფი ვახშმისთვის, როცა სახლში დაღლილი ბრუნდებით? - თქვენი სწრაფი რეცეპტები გაგვიზიარეთ კომენტარებში.

NS