ავტორი:

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს.

კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2025-2029 წლებში 173,085,793 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 396,572 ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგოკავშირი“ 2025-2029 წლებში განახორციელებს 279,690 ლარის ინვესტიციას. კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, კომპანიების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ახლით ჩანაცვლება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2025-2029 წლებში 52,289,681 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 65,549,206 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,574,500 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

NS