დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე, ავტორი ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.
წიგნის მთავარი გმირი დათა თუთაშხია, რომელიც იძულებული ხდება, კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს, მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია კი კანონის სამსახურში დგომას გადაწყვეტს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი გახდება. რომანში მოქმედება სწორედ მათი ურთიერთობის გარშემო განვითარდება.
საინტერესოა, რომ რომანის ფაბულას საფუძვლად უდევს სამეგრელოს სოფელ საჩინოს მკვიდრ გუძა შელიასა და მის მამიდაშვილ შალვა კვარაცხელიას შორის ურთიერთობის ერთი მონაკვეთი. შელიას 1930-40-იან წლებში უთანხმოება ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან, რის გამოც გააბრაგება მოუწია. კვარაცხელია კი მაღალი თანამდებობის პირი იყო და გუძას აბრაგობა კარიერულ წინსვლაში უშლიდა ხელს. გადმოცემის თანახმად, სწორედ მისი რჩევით ჩაბარდა გუძა ხელისუფლებას, რადგან შალვა დაჰპირდა, რომ ერთ წელიწადში გაათავისუფლებდა, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებია.
გუძა შელია ჭაბუა ამირეჯიბს 1945 წელს, ორთაჭალის ციხეში შეხვდა, როცა ჭაბუა დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. გუძამ ჭაბუას მოუყვა თავისი ამბავი, რაც მწერალმა შემდგომში თავისი რომანის ფაბულად გამოიყენა.
გუძა შელიას ამბავი ასე დასრულებულა: მან ციხიდან გაქცევა სცადა, თუმცა ამ მცდელობისას მოკლეს.
როგორია გუძა შელიას ისტორიით შთაგონებული გმირის დათა თუთაშხიას ცხოვრება?
გმირი დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობასა და უკანონობას, რაც მეფის მმართველობის იყო დამახასიათებელი. რომანში თავიდანვე ვიგებთ, რომ იგი შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისთვის იყო ბრალდებული. მას შემდეგ მოუწია ტყეში გახიზვნა და ჟანდარმერიის დევნილად ქცევა. დათა თუთაშხია მთელი რომანის განმავლობაში იცვლის ადგილსამყოფელს და სადაც ბოროტებას ხედავს, ცდილობს როგორმე შეებრძოლოს მას.
რომანი 4 ნაწილადაა დაყოფილი:
პირველი ნაწილი ძირითადად, მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. ორი აბრაგი, თუთაშხია და ზამთარაძე თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ისინი აღმოაჩენენ, რომ აქ ხალხს ბელადად და „მამა-მარჩენლად“ არქიფო სეთური ჰყავს „დანიშნული“. თუთაშხია ხალხის მისგან დახსნას ცდილობს, თუმცა საბოლოოდ, მასა და მის თანამებრძოლს გალახულებს გამოაძევებენ სოფლიდან.
მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები დადებით შედეგს გამოიღებს. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს აბრაგის მიერ წარსულში გაკეთებულ ყველა კარგ საქმეს, რაც დათა თუთაშხიას კიდევ უფრო გულგრილს გახდის.
მესამე ნაწილი უკვე გმირის თვითგამორკვევას ეხება. დათა თუთაშხია ცდილობს, საზოგადოების ნაწილი გახდეს, უფრო გაერიოს ხალხში და თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა შეკრებას, სადაც ფილოსოფიურ თემებზე იმართება დებატები. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ის საფრთხეშიც კი აღმოჩნდება, თუმცა მის დაკავებას ვერ შეძლებენ.
მეოთხე ნაწილში დათა თუთაშხია ხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. მას ახსოვს, რომ ბიძაშვილი ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია.
საბოლოოდ, დათა თუთაშხია გადაწყვეტს, მუშნის სასიკეთოდ ჩაჯდეს ციხეში. დასკვნით ნაწილში გმირი ხვდება, რომ საუკეთესო გზა, ბოროტება აარიდო მსოფლიოს, არის ის, რომ იყო კარგი ადამიანი და სიკეთე აკეთო.
რომანი თავდაპირველად ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა, რის გამოც მთავრობას რედაქციასთან ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წლიდან „დათა თუთაშხია“ უკვე წიგნად გამოიცა და მოგვიანებით რუსულ ენაზეც ითარგმნა. წიგნის პოპულარობამ ხელისუფლება ცოტა არ იყოს შეაშინა. სუკმა სწრაფადვე შექმნა პროპაგანდისტული ჭორი, რომ „ეს წიგნი ჭაბუა ამირეჯიბს არ დაუწერია“, თუმცა ამან ვერც რომანს და ვერც მის ავტორს ვერაფერი დააკლო. საბოლოოდ, როცა გაირკვა, რომ ავტორი, რომელსაც წლები ჰქონდა პატიმრობაში გატარებული, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდებოდა, მთავრობის ხელშეწყობით „დათა თუთაშხია“ კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიიანმა ფილმმა „დათა თუთაშხიას“ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.