ავტორი:

აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)

აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.

  • როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე.

საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”.

"ქართული ოცნების" ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

  • პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ „რუსეთს საბოლოოდ გაუხსნა კარი“.

"წინასაარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ, აღმოჩნდა რომ არ მიდიან. უღირსობითაც არ მიდიან ევროპაში. ამას რომ შევეგუოთ, ნაზავი ვიქნებით რუსეთის ბელორუსის და იმ ქვეყნების, სადაც დიქტატურა მეფობს, ისეთი მმართველები არიან, რომლებსაც ხალხის აზრი არ აინტერესებს, ამიტომ გამოვიდეთ ქუჩაში, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის”,- აცხადებს აქციის მონაწილე ლევან გორგილაძე.

ბათუმი

ასევე აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, სადაც რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.