მომღერალი ოთო ნემსაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო გუნდი 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს
“საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი!!!
ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი,“ - წერს მომღერალი.
კობახიძის თქმით, მოლაპარაკეების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩისთვის, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე."კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.