“მოვუწოდებთ, შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა,“ - ამ განცხადებით მიმართავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ძალოვან უწყებას, რომლის დანაყოფებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო არიან განლაგებული და პერიოდულად დაშლის ღონისძიებებს მიმართავენ.
“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა “ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, “ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:
ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.
კვლავ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა.
მოვუწოდებთ, შსს-ს ასევე, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.