საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებოდ მიიწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, მან ელჩებს მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები". ამის შემდეგ, საქართველოს ქალაქებში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა.
ლაშა ძებისაშვილი, ანალიტიკოსი:
- ესენი პირდაპირ კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან. მათ ისედაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება და ამას ზედ ამატებს იმას, რომ გვიცხადებენ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ჩვენს გეგმებში არ შედისო, ანუ ე.წ. ხელისუფლება სრულიად გასულია კონსტიტუციიდან. მათ დაახლოებით იცოდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეზოლუცია დიდი ალბათობით ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აისახებოდა, დრო არ გაწელეს და თვითონ გადადგეს ეს ნაბიჯი, თითქოს თვითონ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. ცალსახაა, რომ ამათ, რეალურად, ინტეგრაციის არანაირი ევროპული მექანიზმი არ აინტერესებთ. უვიზო მიმოსვლაც არის ის ერთადერთი მექანიზმი, რაზეც მათ ჰგონიათ, რომ საბოლოოდ ევროკავშირი უარს არ იტყვის, რადგან ამით მაინც მოსახლეობა ისჯება. შესაბამისად, ისინი კომფორტულად არიან და გრძნობენ, რომ ამ მექანიზმის მოშორების გარეშე მათ შეუძლიათ გააგრძელონ მშვიდად ცხოვრება და ამით ევროკავშირთან ყველანაირი ინტეგრაცია ჩაშალონ. ჩვენ საქმე გვაქვს რაც გნებავთ, ის დაარქვით - პუტჩთან, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებასთან, თუ კონსტიტუციიდან გასვლასთან.
- "ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?
- დასავლეთისთვის დიდწილად ყველაფერი ისედაც გასაგებია და ერთადერთი, როცა ის თავის მოქმედებებს გეგმავს, პირველ რიგში ითვალისწინებს მიზანს, რომ არ დაზარალდეს საქართველოს მოსახლეობა, ეს არის მისი მთავარი ამოცანა, ანუ "ქართული ოცნების" დასჯით ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დაზარალდეს. ბუნებრივია, "ოცნება" მიიღებს სანქციებს, მაგრამ ეს სანქციები არ უნდა იყოს მიმართული მოსახლეობის წინააღმდეგ. "ოცნება" ხომ სანქციებმა უფრო გააღიზიანა, ხვდებიან, რომ ევროკავშირი მათ უსანქციოდ არ დატოვებს, შესაბამისად, მათ მძევლად აიყვანეს მთელი ქვეყანა და ახლა ცდილობენ, ევროკავშირთან ივაჭრონ. ჩემი გადმოსახედიდან, არანაირი ვაჭრობა არ გამოვა, დასავლეთის უკან დახევა არ იქნება. ეს იყო "ოცნების" რუსეთთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც თანმიმდევრულად მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროპისგან.
ბოლო წერტილი იყო არჩევნები, არჩევნების გაყალბება და ამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით უნდა მოხდეს იმ დარჩენილი კავშირების მოკვეთა, განადგურება, რაც ჩვენ ევროპას გვაკავშირებს. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, არანაირი ვაჭრობა ევროკავშირთან არ იქნება, არავის ჰქონდეს ამის ილუზია.
კობახიძემ ის კი არ თქვა, რომ ევროკავშირი აღარ გვაინტერესებს და აღარ მივდივართ მასთანო, იფარისევლა და თქვა, 2028 წლამდე არ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას გაწევრიანებაზეო. გეგონება, 2028 წლის მერე მათ მიზნებში შედის მოლაპარაკებები, ან ევროკავშირში შესვლა. ჩვენ ხომ არ მოვტყუვდებით ამ ფორმულირებით და იმ რიტორიკით, თითქოს „დასავლეთი გვაშანტაჟებს“, „მოწყალება“ არ გვინდა და მსგავსი. ჩვენ გვესმის რაზეა აქ საუბარი - ეს არის ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა.
- პუტინის უმალ გამოხმაურება და ხელისუფლების შექება რას ნიშნავდა, თითქოს ისინი სინქრონში მოქმედებენ...
- ამ განცხადებიდან 40 წუთის შემდეგ პუტინმა დადო მხარდამჭერი განცხადება და აქ უკვე ყველაფერი ნათელია - როგორც ჩანს, ეს ბრძანება კრემლიდან მოვიდა. დრო აღარ ითმენს მოსკოვისთვისაც, აგერ, სირიაში შეუტიეს, ალეპოსთან რამდენიმე ათეული მათი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ, უკრაინაში ძალიან ცუდად აქვთ საქმე, ეკონომიკა ექცევათ, რუბლი საით გავარდა, იცით და ამ სიტუაციაში მოსკოვისთვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. მოსკოვმა გადაწყვიტა, სანამ კიდევ უფრო გართულდა ვითარება, სანამ ქართველებმა დაინახეს, რა ცუდ დღეშია რუსეთი, მანამდე უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის დახურვა და ამიტომ „ოცნებას“ უთხრეს, მორჩით ახლა მაიმუნობას, ჩაატარეთ გაყალბებული არჩევნები, მოახდინეთ ხელისუფლების უზურპაცია და ყველაფერი დაასრულეთ იმით, რომ უარი თქვით ევროკავშირზე.
- "ოცნების" ამ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯით რას კარგავს საქართველო?
- საქართველო კარგავს სამართალს, სამართლიანობას, საქართველო მიდის ფეოდალური სახელმწიფოსკენ, რომელსაც მართავენ ფეოდალური და კრიმინალური კლანები, თუ არ წავალთ ევროპისკენ ეს არის, საითკენაც მივდივართ. არანაირი სასამართლო, არანაირი სამართალი, არც ეკონომიკური განვითარება და განათლება... შეხედეთ, რა განცხადება გაკეთდა - ჩვენ უნდა მივხედოთ განათლებას და ყველაფერი ფსევდოლიბერალური უნდა ამოვიღოთ არა მხოლოდ პროგრამიდან, წიგნებიდანაცო. აშკარაა, "ოცნება" აპირებს ტოტალურ წმენდას საქართველოში, ეს არის ის, რაც ბოლშევიკებმა ჩაატარეს 1921 წლიდან მოყოლებული, „ოცნების“ გეგმა, რომელიც ხელახლა უნდა გატარდეს რუსეთის დაკვეთით.
ევროპის მხრიდან დახმარების შეწყვეტას მოჰყვება ის შეღავათიანი დაკრედიტებები, რასაც ჩვენი ბანკები იღებდნენ, ანუ ჩვენ არ გვექნება ის საკრედიტო ხაზები, რაც ევროპისგან დაბალ პროცენტში გვქონდა, ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ თუ ახლა პირობითად 12-13 საკრედიტო პროცენტი გვაქვს (შეხედეთ, რუსეთში ახლა არის 25%, ისიც ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული), მერე 30-40% იქნება, ამას გვიპირებს „ქართული ოცნება“, ეს არის მისი გეგმა, მაგრამ რეალურად ხომ ერთი კაცის - ივანიშვილისთვის და რუსეთის ინტერესებისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ამას ან შეიგნებს საქართველოს მოქალაქე, ან ღირსიც იქნება ეს საზოგადოება, რომ ხელმეორედ გაიღვიძოს რუსეთის იმპერიაში. სხვა დამაგვირგვინებელი ფრაზა მე არ მაქვს.
- ვიზალიბერალიზაციას რა ბედი ელის?
- არსებობს ასეთი - ფასილიტაცია, გამარტივებული წესით ვიზის გაცემა. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მზაობას გაუქმდეს ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ამ სიტუაციაში, როცა ქვეყანა ცალსახად დაადგა რუსეთის კურსს, არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოხდეს, ანუ უკან დავბრუნდეთ ფასილიტაციაზე.
- როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებაზე?
- ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია - საყოველთაო წინააღმდეგობა, მასობრივი, ინტენსიური წინააღმდეგობა, სხვა შემთხვევაში ქვეყანა დავკარგეთ. აქ მნიშვნელოვანია ევროპელების რეაგირება და ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. როგორიც იქნება ჩვენი საზოგადოების რეაგირება, ისეთი იქნება ამერიკისა და ევროპის პოზიციაც. ან ჩვენ ვუშველით და გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს, ან საბოლოო ჯამში, ხვალ უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. ან გავიღვიძებთ და ყველანი ერთად ვიბრძვით (ახლა უკვე ბრძოლის ეტაპზე ვართ), ან ვაგრძელებთ ტახტზე წამოწოლას, ვეგუებით და ვხდებით ჩვეულებრივად რუსეთის შემადგენელი ნაწილი.პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, კონსტიტუციის დამცველი და როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ძალოვნებს, ყველას მოუწოდოს იყოს ხალხის მხარეს და ის გახდეს ძირითადი ბირთვი, კონსტიტუციური ხელისუფლების ცენტრი. ამ შემთხვევაში ცალსახად ვხედავ, რომ „ოცნება“ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
წაიკითხეთ ასევე: