ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.
"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა - საქართველოს ადგილი ევროპაშია" - წერს ბუდუ ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
აქციებზე დაშავდა უამრავი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.
წაიკითხეთ ასევე: