გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" ვერ შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად. გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.
უბრალოდ, რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და საქართველოს უკრაინიზაციისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის" სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილისა და გახარიას მინისტრობის პირობებში აქცია რამდენიმე გარდაცვალებითა და ადამიანებისთვის „თვალების დათხრით“ დასრულებოდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე.
მინდა მოვუწოდო პოლიციელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება”, - განაცხადა კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: