მსახიობი და “გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი ნათია ბუნტური, გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.
"ორჯერ გასწორებულზე" - წერს ნათია ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ ცხვირიდან სისხლი მოსდის.
კომენტარებში დასმულ კითხვაზე თუ რა დაემართა, ნათიამ უპასუხა: "აუ, ის მაიმუნი ბიჭი. რა დავუშავე, გვერდიდან მხია. ეგრე უნდოდა და იმიტომ"
მსახიობს ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე პროტესტზე საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებდა. ორი დღის წინ კი, აქციას შეუერთდა.
"არც სპრეის, არც გაზის, არც ცემის ან ტკივილის, არც წყლის გაუსაძლისობა იქ არ დგას. ყველაზე გამძლე ხალხია ქართველი. დიდი ხნის იმუნიტეტია სამწუხაროდ, გენშია ეგ - და აი, დილა “მშვიდობისა” …სხვა ხალხთან მოხვდა რუსეთი… რუსთაველზე მოხვდა ისევ" - ასეთი იყო ნათია ბუნტურის პოზიცია, როდესაც პირველად საპროტესტო ტალღას შეუერთდა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
წაიკითხეთ ასევე: