ავტორი:

"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში

"რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში..." - რა განაცხადა პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუტი წაართვეს.

  • რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა თბილისში მასობრივად აპროტესტებს ამ დღეებში და რაც ძალიან ახალია საქართველოში, პროტესტები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქზე ვრცელდება. პროტესტი ასევე იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ხალხი ხელს აწერს საჯარო პროტესტებს ან თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის დიპლომატიურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში არსებულ საელჩოებში.

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ.

ე.წ. მთავრობაა - ვინაიდან არჩევნები სრულიად გაყალბდა, იყო არჩევნების სისტემური მოპარვა - ასე რომ პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა. ეს ქვეყანა სტაბილურად მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი გასულ დეკემბერს და ამა წლის თებერვლიდან რუსული კანონით დაწყებული და რიგი ზომებით, მაშინდელმა მთავრობამ დაიწყო ევროკავშირის მიმართულებისგან, ორიენტაციისგან გადახვევა, რაც ქართველებს ყოველთვის უნდოდათ რაც კი თავი ახსოვთ და დაიწყო რუსეთისკენ მიხვევა.

საკმარისია რუსეთის განცხადებებს შევხედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ, რასაც ახლა „ქართულ კოშმარს“ ვეძახით. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის.

ასე რომ, მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ რადიკალური გადახვევის წინააღმდეგაა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ევრო-ატლანტიკურ გზაზე ამბობს და ყველა ინსტიტუტს მოსთხოვს ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.

წაიკითხეთ ასევე: