ავტორი:

"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი

"ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე... დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო, ჩავედი, მაგრამ..." - რას ჰყვება პაატა ზაქარეიშვილი

როგორც გავარკვიეთ, გამთენიას აქციაზე დაკავებულებს შორის არის კონფლიქტოლოგის, ყოფილი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ვაჟი, მიხეილ ზაქარეიშვილი. ის ამ დრომდე საგარეჯოს იზოლატორში რჩება. ოჯახმა შვილის დაკავების ფაქტი სოციალური ქსელით შეიტყო.

პაატა ზაქარეიშვილი:

- სოციალური ქსელით გავიგეთ მისი დაკავების ამბავი, ჩემი შვილი, მიხეილ ზაქარეიშვილი, გამთენიას, 6 საათზე დააკავეს აქციაზე და ბრალად ედება თითქოს პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ხულიგნობდა. არადა კადრები გავრცელდა ტელევიზიით მისი დაკავების და კადრებში ჩანს რომ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. მშვიდად მიყვება პოლიციას.

საეჭვოა რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ასეა თუ ისეა, ფაქტია დაკავებულია, საქმე სასამართლოშია გადაცემული და ალბათ სასამართლო განიხილავს საქმეს. როგორც ირკვევა, ვიდრე ტელეფონს ჩამოართმევდნენ პოლიციელები მოასწრო და ფეისბუქზე დაწერა, რომ დააკავეს, ასე გავიგეთ ჩვენ და მერე ტვ. პირველის კადრებიც ვნახეთ, სადაც ნამდვილად ჩანდა კადრებში. ჩემი შვილი 1987 წელს არის დაბადებული. ის სულ დადის აქციაზე.

დავადგინეთ რომ საგარეჯოში იყო გადაყვანილი, ჩავედი იქ, რომ გამეგო როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მოვდივარ იქიდან. ფიზიკურად არ მინახავს, მაგრამ მოინახულა ადვოკატმა და როგორც ადვოკატი ამბობს, ვიზუალურად ცემის კვალი არ ეტყობა. არც ერთი აქცია არ გამოუტოვებია. ვიღაცები არიან დაკავებულები საგარეჯოში, მაგრამ არ ვიცი მათ შორის არიან თუ არა ჩემი შვილის მეგობრები. მე მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ახლა დაველოდებით სასამართლო პროცესს, ჯერ სასამართლო ჩანიშნული არ არის.

რაც ხდება დღეს საქართველოში, საშინელებაა... ანტიკონსტიტუციურია ეს ხელისუფლება არამარტო არჩევნების გაყალბების გამო, არამედ იმის გამო რომ რაც აღებული აქვთ კონსტიტუციით ვალდებულება იმას რომ არ ასრულებენ. ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფაქტობრივად თქვეს უარი, თვითონ შეაჩერეს ეს პროცესი და ფარისევლურად აბრალებენ ევროკავშირს.

ევროკავშირმა თქვა, პირობები შეასრულეთო, ესენი პირობებს არ ასრულებენ და დასავლეთს აბრალებენ ყველაფერს. ევროკავშირი ამბობს ვიდრე პირობები არ შესრულდება, ვერ გავხსნით მოლაპარაკებებსო და ესენი ადგნენ და დახურეს. მათ არ უნდათ ევროკავშირში. რაღაცებს იგონებენ, რაც სასაცილოა და ყველას კარგად ესმის რა რეალობის წინაშე ვართ და ამიტომ არის ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული.

წაიკითხეთ ასევე: