ვის ჰგონია გვანცა დარასელია ლოთი და სად შევარდა ტელეწამყვანი თმაგაწეწილი

ვის ჰგონია გვანცა დარასელია ლოთი და სად შევარდა ტელეწამყვანი თმაგაწეწილი

გვანცა დარასელია რამდენიმე ხანია პრესით აღარ გამოჩენილა. ამბობს, როცა გრძნობს, სათქმელი არაფერი აქვს, ცდილობს, ინტერვიუს თავი აარიდოს, ისე კი პრესის ჟურნალისტებთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობით გამოირჩევა.

ამას წინათ გვანცა და იმედა ეთერში ელტონ ჯონის შვილზე ლაპარაკობდნენ და ისე იხუმრეს, რომ ზოგიერთი ამ თემით დაინტერესებული ადამიანის უკმაყოფილება დაიმსახურეს, მერე კი ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამყვანებს ტელევიზიის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა. ამ ინფორმაციას შესაბამისი ბრძანებაც ახლდა თან, სადაც გოგი გეგეშიძის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული.

გვანცას გადაცემისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ და ეს ამბავიც ვკითხეთ.

- დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილხარ, ტაიმ-აუტი ხომ არ გქონდა აღებული?

- დავაკვირდი, რომ რატომღაც ყველა ჟურნალს ერთ პერიოდში უნდება ჩემთან დარეკვა ინტერვიუზე. ვიცი შიდა სამზარეულო და ისიც, რომ რესპონდენტებს წრეზე უვლით, ამიტომ აღარ მიკვირს ასეთი რაღაცები, დაახლოებით ორი თვის წინ თითქმის ყველა ჟურნალში დავიბეჭდე და მივხვდი, რომ ახალი სათქმელი არაფერი არ მქონდა. უბრალოდ, ცოტა მოსაბეზრებელია ერთი და იმავე რესპონდენტის ერთსა და იმავე თემებზე საუბარი. საერთოდ, იცი როგორი კარგი დამოკიდებულება მაქვს პრესის ჟურნალისტებთან და უარით არავის ვისტუმრებ, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს. აი, მაგალითად, იანვრში არაფრის ხალისი არ მქონდა, რადგან 31 დეკემბერი და ახალი წლის დღესასწაული ლოგინში გავატარე, მაღალი სიცხეები მქონდა, გრიპით ვიწექი. არადა, მე და ვახოს უამრავი გეგმა გვქონდა. მაგიდაც გვქონდა დაჯავშნილი, მაგრამ ჩემი გრიპის გამო ვერ წავედით, ვახოც დარჩა სახლში და მივლიდა. რა საყვარელია... (იღიმება). ახალი წლის წინა კვირას ძალიან დატვირთულმა ვიმუშავე და ეტყობა, გადაღლილობამაც ითამაშა როლი. პირველ იანვარს სახლიდან ათი წუთით გავედი რაღაც საქმეზე ჩაფუთნილი და უკან რომ შემოვედი, მივხვდი, საკუთარი თავის მეკვლე ვიყავი. ვახო იმუქრება, კარგი ფეხი არ აღმოგაჩნდება და ნახავ რას გიზამო (იცინის). როგორც ამბობენ, თვითონ ძალიან კარგი ფეხი აქვს და სულ ეპატიჟებიან მეკვლედ.

- გვანცა, რაღაც პერიოდი გავიდა და როგორ შეეგუე ცოლქმრობის ამბავს?

- სანამ გავთხოვდებოდი, ძალიან მეშინოდა. ვიცი, რომ არიან წყვილები, რომელთა ცხოვრებაში დაოჯახების შემდეგ ბევრი რამ იცვლება, უარყოფითი წინ იწევს. მაგრამ ამას წინათ მე და ვახო გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ რაც დავქორწინდით, ერთმანეთი უფრო შეგვიყვარდა. ყოველდღიურად ყველაფერი კარგისკენ იცვლება. ეს ალბათ გამართლებაა. სიყვარულში გამართლება საჭიროა, რადგან შეიძლება, გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ მის რაიმე თვისებას ვერ ეგუებოდე. ასე მგონია, რომ ჩემზე მეტად ვახო არავის უყვარს და ჩემზე ბედნიერი ოჯახი არავის აქვს. ბედნიერი ვარ, რომ იმედგაცრუება გულის სიღრმეშიც კი არ მაქვს. ვახომ ჩემი იმედები სრულად გაამართლა და თავადაც მეუბნება, რომ მას ისე ვუდგავარ გვერდით, როგორც თავად სურდა.

- ამას წინათ წავიკითხე, რომ ქალი ვერასდროს იქნება კაცზე მაგარი, რადგან მას არასდროს ეყოლება გვერდით ცოლი, რომელიც კარგ რჩევას მისცემს...

- მეც ვეთანხმები. ვახოს 27 წლის განმავლობაში მშობლების სახით ყველანაირად დიდი ზურგი ჰყავდა და სულ უკვირდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის უფრო დიდი დასაყრდენი. თან ასაკით მასზე 7 წლით პატარა ვარ და როგორც ჩანს, არ მოელოდა, რომ ჩემი სახით ასეთ გვერდში მდგომ ადამიანს იპოვიდა. ვცდილობ, მის გვერდით ელემენტარულ საკითხშიც კი ვიყო და სულ ამბობს, თურმე ცოლი რა ყოფილაო. მეც იმდენად დამოკიდებული გავხდი ვახოზე და ყველა ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობ მასზე, რომ... ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და ალბათ, რაც მეტ გამოცდილებას შევიძენთ, მით უკეთესი ურთიერთობა გვექნება. სხვათა შორის, დასაწყისში ბევრ რამეზე ვჩხუბობდით, რადგან მე არ ვუთმობდი ბევრ რამეს, რისი დათმობაც შეიძლებოდა. გუშინ ვამბობდით ზუსტად, რაღაც დიდი ხანია არ გვიჩხუბიაო (იცინის). მისი ხასიათი ვისწავლე და უსიტყვოდაც შემიძლია მასთან ურთიერთობის დალაგება.

- ვახოს დამოკიდებულება შენი სამსახურის მიმართ როგორია? ხომ არ მიუნიშნებია, სახლში რომ დაჯდე, გამიხარდებაო?

- არანაირად არ მიუნიშნებია. ზოგჯერ სამეგობროში ხუმრობს ხოლმე, მე რაღა უნდა ვთქვა, ცოლი დილის ხუთ საათზე მარტო მტოვებს და სამსახურში გარბისო (იღიმება). ყოველ მეორე დილას მიწევს ადგომა და თავიდან ძალიან ვეცოდებოდი, სანამ სამსახურში მივიდოდი, სულ მთხოვდა დარეკვას მასთან, დილას ჩემთან ერთად დგებოდა და მეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირდებაო. არაფრით არ სჯეროდა, რომ სამი წელი ხდება, რაც დილის 5 საათზე ვიღვიძებ. ახლა უკვე მიეჩვია და აღარც ეღვიძება. სანამ ცოლ-ქმარი გავხდებოდით და საერთოდ გავიცნობდი, ვცდილობდი, სამსახურიდან თავისუფალი დრო მეგობრებთან გამეტარებინა, ახლა კი, სამსახურს მოვრჩები თუ არა, ვახოსთან გავრბივარ. ზოგჯერ ვურეკავ ხოლმე, ერთი საათი მაქვს თავისუფალი და წამოდი, ყავა დავლიოთ ან ერთად ვჭამოთ-მეთქი. მე 24 საათი სამსახურში არ ვარ და ამას ვახო ნამდვილად ვერ იტყვის. მთელი დღე მასთან ურთიერთობა მაკლია, ვახოსაც აქვს თავისი საქმე და დაკავებულია.

- გვანცა, მის მეგობრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ვახო მის ძალიან ახლო სამეგობროსთან ერთად გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა რომანტიკულად არ დაწყებულა, პაემანი ერთი-ერთზე არ გვქონია, სხვათა შორის, არც ახლა გვაქვს ხოლმე (იცინის), გამიმართლა, რომ ვახო სწორედ მისი მეგობრების წრეში გავიცანი, რადგან ადამიანი ასე უფრო ლაღად გრძნობს თავის და ვახოც ძალიან თავისუფალი იყო. მერე და მერე ყველა მისი მეგობარი ცდილობდა, ვახოსთვის ხელი შეეწყო, მეუბნებოდნენ, რომ მანამდე სხვა გოგონებიც ჰყავდა და უყვარდა, მაგრამ ჩემთან ძალიან შეიცვალა და სხვანაირი გახდა. მოკლედ, ვახო არ იყო ერთადერთი, ვინც ჩემს "შებმას" ცდილობდა (იცინის). დღემდე მისი მეგობრებისგან კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ, ფაქტობრივად, ერთი ოჯახის წევრები ვართ, ვიცი, რისი გამკეთებელია მათი გულისთვის და ისინი ჩემი ოჯახისთვის. ვახომ თავადაც ძალიან კარგად იცის, როგორ "დაახარისხოს" ადამიანები თავის გარშემო. ჩემზე კარგად შეუძლია ადამიანის ამოცნობა. ამ მხრივ მის რჩევებს ვითვალისწინებ, რადგან ჩემი გარემოცვიდან ვიღაც არ მოსწონებია და მისი აზრი გამართლებულა, ის ადამიანი მართლაც არ ყოფილა ჩემი მეგობრობის ღირსი.

- გადაცემასთან დაკავშირებით თუ იღებ მისგან რჩევებს?

- აღიარებს, რომ უყურებს ჩემს გადაცემას, ოღონდ "მაივიდეოჯის" საშუალებით. თუ თავად ვერ უყურებს, მერე მეუბნება ხოლმე, დღეს ამა და ამ მომენტში რაზე ჩაბჟირდითო. ვიცი, რომ არ უნახავს და მიკვირს საიდან იცის, მაგრამ მპასუხობს ხოლმე, მე ყველაფერს ვხედავო (იცინის). მეც ვთხოვ, რომ უყუროს ხოლმე, ვიღაცამ რომ ჰკითხოს, ხომ უნდა იცოდეს? ვთხოვ ხოლმე, ის მაინც ნუ დაგავიწყდება, რომელ არხზე ვმუშაობ-მეთქი (იცინის).

- ისევ გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, ამას წინათ ინტერნეტში იყო აქტუალური შენი და იმედას ჩაბჟირება, როცა ელტონ ჯონსა და მის შვილზე ილაპარაკეთ. არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენ "ცისფრების" მიმართ ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენეთ. შემდეგ ინ­ტერნეტში მოხვდა "რუსთავი-2"-ის შეფის ბრძანება, სადაც ნინო არაზაშვილს ავალებდა, თქვენთვის ასეთი საქციელის გამო საყვედური გამოეცხადებინა...

- არანაირად არ ჩავბჟირებულვართ. ყველა თავისი ცხოვრების გზას ირჩევს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთ თემებზე მაქსიმალურად შევიკავო თავი. ის ბრძანება მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ მითხრეს. ჩვენამდე ეს საყვედური არ მოსულა, მაგრამ ამ გაფრთხილებას და შენიშვნას ვიღებთ და შევეცდებით, რომ არავის არ მივცეთ საბაბი, ასე იფიქროს. მსმენია, რომ ვიღაცას არ მოეწონა ჩემი და იმედას საქციელი.

- ზოგადად ტოლერანტული ადამიანი ხარ?

- რასაკვირველია, მაგრამ როცა ამ შეკითხვაზე კის ან არას ამბობ და არ გქონია რაიმე შემთხვევასთან შეხება, რთულია მაინც თქმა. მით უმეტეს ჟურნალისტი ვარ და რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ, მეტი მომეთხოვება. რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიმართ ნამდვილად ტოლერანტული ვარ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარეს განსაკუთრებულად ვიცავ, ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს.

- ალბათ ახლა კიდევ უფრო დაფიქრდები...

- რა თქმა უნდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მე ან იმედამ ჰომოფობიური განცხადებები გავაკეთეთ.

- კარგი, გვანცა, ამ თემას შევეშვათ და ინტერვიუს ბოლოს გადაცემის საინტერესო შემთხვევები გაიხსენე...

- ჩვენს პროდიუსერ სოსო მჭედლიძეს რვაფეხას ვეძახით, რადგან მართლაც ასეა, ყველგან არის მოდებული. ის რაღაცას გვეტყვის და ჩვენ გვეცინება, ზოგჯერ იმდენი საქმე აქვს, რომ ვერ ასწრებს ჩვენს გაფრთხილებას, რომ ეთერში ვართ. იმედა ზოგჯერ გადაცემის ბოლოს მეუბნება ხოლმე, აი, ძილმა წამიღოო, ერთხელ გადაწვა ეთერში და ამ დროს თურმე ეთერში შევედით. ამიტყდა სიცილი, რა უნდა გვექნა? ისიც ვერ მოვასწარი, რომ მეღადავა იმედაზე, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დილის ფორმატი ითვალისწინებს ამ თავისუფლებას და სიცილის შესაძლებლობაც გვაქვს, თან ბევრისგან მსმენია, რომ მაყურებელს ეს ჩვენზე მეტად ახალისებს.

ოპერატორმა შემთხვევით იმდენად ხშირად ჩაიარა კამერის წინ, რომ ბოლოს ვუთხარი, თუ ასე ძალიან გინდა კადრში გამოჩენა, ერთი დღით ჩემს ადგილს დაგითმობ-მეთქი. ეს ღია ეთერის ხიბლია. ერთხელ ხმა წამივიდა ისე, რომ საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი, მეგონა, მეორე დილას კარგად მექნებოდა საქმე, მაგრამ დილას მძღოლს რომ ვერ ვუპასუხე, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. თურმე იოგების პრობლემა მქონდა და საერთოდაც, სუსტი ყელი მაქვს. მძღოლს ვთხოვე, სუპერმარკეტთან გაეჩერებინა, საოცარ ფორმაში ვიყავი, თმაგაწეწილი შევვარდი და ერთი კონიაკი მომეცით-მეთქი, ვთხოვე, ჩაიში ჩავისხი და დავიდგი გადაცემაში (იცინის). მთელი გადაცემა ვსვი, მაგრამ დიდად მაინც ვერ მიშველა. იმ სუპერმარკეტის გამყიდველებს ალბათ ლოთი ვგონივარ, იმედია, ახლა გაიგებენ, რომ საბედნიეროდ, არ ვარ ლოთი. რამდენიმე დღე ეთერში ისეთი ცუდი ხმით ვიჯექი, რომ ბოლოს ტელევიზიის დირექტორმაც იკითხა, ამ გოგოს ხმა არ ისმის და იქნებ, გავუშვათ სახლშიო. ერთხელ ტექსტში ვთქვი "იქს-პიატი" ისე, რომ ვერც მივხვდი, რა შეცდომა დავუშვი და ეს ძალიან სასაცილო იყო (იცინის). ისე ვარ მიჩვეული, რომ ვერც შევამჩნიე.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები