ჩატარებული კვლევის შედეგით, დღეს ღვედებს თბილისში მძღოლების 95% და წინ მსხდომი მგზავრების 89% მოიხმარს, ხოლო ავტომაგისტრალებზე მძღოლების 98% და წინ მსხდომ მგზავრთა 97%. როგორც ჩანს, ღვედის შემთხვევაში კანონმა გაჭრა, მაგრამ არსებობს ჯერ კიდევ მოუგვარებელი ბევრი პრობლემა, რომლებიც უსაფრთხო საგზაო მოძრაობისთვის აუცილებელია. "ხშირად მიწევს საზღვარგარეთ მანქანით სიარული და ვხედავ, რომ იქ საგზაო წესებს თითქმის არავინ არღვევს", - ამბობს ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელსაც საჭის მართვის საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს. თუ რას ფიქრობს დღევანდელ ავტოსაგზაო მდგომარეობაზე და როგორ აფასებს ახალ კანონებს, ამას ინტერვიუდან გავიგებთ.
- საგზაო შემთხვევებისა და მოძრაობის მხრივ, საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. თქვენი აზრით, ბოლო ხანს შემოღებულმა ახალმა სანქციებმა და კანონებმა თუ შეცვალეს სიტუაცია?
- რა შედარებაა, ახლა "წითელზე" მაინც ვაჩერებთ მანქანას. თუმცა მთელი რიგი ზომების გამკაცრებისა და სხვადასხვა სახის ჯარიმის მიუხედავად, საგზაო უსაფრთხოების წესები მაინც ირღვევა. ვეთანხმები გადაჭარბებული სიჩქარისთვის თუ სხვა დარღვევისთვის შემოღებულ შეზღუდვებს, რადგან ეს გვაიძულებს წესიერად ვიაროთ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, მაგრამ გარანტირებული უნდა იყო, რომ კანონს ყველა დაიცავს. შეზღუდვები წარმატებით მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს. თუ მას სხვა ათი არღვევს და მხოლოდ შენ ერთი იცავ, ეგ არაფერს არ ნიშნავს.
- რამდენი ხანია საჭეს მართავთ?
- 32 წელია, საკმაოდ სტაჟიანი მძღოლი ვარ.
- თუმცა ერთია გამოცდილება და მეორე, ემორჩილები თუ არა წესებს და ნორმებს. თბილისი ტრანსპორტით იმდენად გადატვირთულია, რომ არ არის გამორიცხული უნებურად სხვის მიერ დაშვებული შეცდომის მსხვერპლი აღმოჩნდე. რამდენად ადვილია ასეთ ქალაქში მანქანის ტარება?
- საკმაოდ რთულია. ზოგიერთი მანქანა ხაზიდან ხაზზე შეიძლება ისე გადავიდეს, რომ შუქის სანიშნეც არ ჩართოს. მე მიჩვეული ვარ, მაგრამ ახალბედა მძღოლს, რომელმაც ესე-ესაა აიღო მართვის მოწმობა და ნასწავლი კანონებით გადაადგილდება, უცებ მანქანა წინ რომ გადაუდგეს, შეიძლება ისე დაიბნეს, ვერაფერი გააკეთოს. მანქანას უნდა გრძნობდე და იმორჩილებდე, როგორც ცხენს და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა ეცადო, არ დაარღვიო საგზაო წესები.
- პატრულთან ურთიერთობის "სამახსოვრო" ეპიზოდს ხომ არ გაიხსენებთ?
- შარშან, ახალ წელს, რამდენიმე მანქანასთან ერთად გამაჩერეს. ახალი წელი ხომ იცით, ყველას ეჩქარება, ვიღაცამ "წითელზე" გაიარა და მეც ავტომატურად მივყევი. მომიბოდიშეს, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში რომ არც საკუთარი თავი ჩამეგდო და არც ისინი, იქით ვუთხარი, ჯარიმა გამოეწერათ. საერთოდ, პატრულისგან ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობ, პატარა შეცდომებს ნამდვილად მპატიობენ.
- ე.ი. ცნობილი ადამიანები ადვილად გადიან ფონს?
- ეგ ყოველთვის ჭრის, როცა გცნობენ, ადვილად გიშვებენ, მაგრამ ადამიანის შინაგან კულტურაზეა დამოკიდებული. საგზაო მოძრაობის წესების დაცვას მაქსიმალურად ვცდილობდი "გაი"-ს პერიოდშიც, როცა მანქანები "წითელზეც" არ ჩერდებოდნენ და "გაიშნიკებიც" მცნობდნენ.
- საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დამჯდარხართ?
- ხშირად. რამდენჯერ გვიფიქრია, ხუთი-ექვსი ჭიქა რა არისო, მაგრამ ის მაინც თავისას შვრება. ამას წინათ ბიჭი მოვიდა და თავისი სავიზიტო ბარათი შემომთავაზა, შეგიძლია ნასვამმა დაურეკო, მოვლენ და მოგემსახურებიან ან დამეთანხმებით, დღეს არ არის ის სიტუაცია, მანქანებს რომ ქურდავდნენ და ძარცვავდნენ. შეგიძლია საერთოდ მანქანა დატოვო და სახლში მშვიდად წახვიდე. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოვერიდოთ, მეც და სხვაც, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნას.
- ამისთვის უკვე ჯარიმებია დაწესებული, ისევე როგორც დაკანონდა ღვედების გამოუყენებლობისთვის სანქცია. ბევრი თვლის, რომ ღვედი ქალაქში არ იყო საჭირო. ეთანხმებით თუ არა მძღოლების ამგვარ პრეტენზიებს თუ ეს მენტალური ჭირვეულობაა?
- ამ თემაზე მეგობრების წრეში ხშირად ვსაუბრობთ. მენტალიტეტს თავი რომ დავანებოთ, ზოგს ღვედის შეკვრა ქალაქში სავალდებულოდ არ მიაჩნია, მოკლე მანძილებია გადასაადგილებელიო. ამას წინათ ერთ გადაცემას ვუყურე და დავრწმუნდი, რომ ღვედის ტარება ქალაქში უფრო საჭიროა. დამუხრუჭებისას შეიძლება მან უფრო დაგიცვას, ვიდრე ტრასაზე დიდი სიჩქარით გადადგილებისას. ხშირად მითქვამს საზღვარგარეთ ყოფნისას ან საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხოელებისთვის, შეგიძლიათ ღვედი არ გაიკეთოთ-მეთქი და უკვირდათ. იმათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი ეს ჩვევა. მე დღესაც ხშირად მავიწყდება ღვედის შეკვრა, სანამ თვითონ მანქანა არ შემახსენებს, მაგრამ არა უშავს, ჩვენც შევეჩვევით.
- ბევრს ჯარიმა 40 ლარის ოდენობით ეძვირება..
- ალბათ, ზომიერია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი უმუშევარია და ასეთი ადამიანისთვის ხუთი ლარიც დიდი თანხაა და ათიც, ოცი და ასი ლარი მითუმეტეს. მაგრამ თუ უმუშევარია, მაშინ ბენზინის ფულიც არ უნდა ჰქონდეს და მანქანითაც არ უნდა დადიოდეს.
ჯარიმა ყოველთვის ამუხრუჭებს ადამიანს. ეს, ალბათ, იმიტომ კეთდება, რომ მძღოლები და მგზავრები უფრო მეტად იყვნენ დაცულები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჯარიმა მხოლოდ ჯარიმისთვის კეთდება. მაშინ რატომ არის სხვა ქვეყნებში სხვანაირად? თუ ჯარიმის რაოდენობა დიდია, მითუმეტეს გაიკეთე ღვედი, რომ არ გადაიხადო ის.
- ისე, ხშირად იცვლით მანქანებს და რომელი მოდელი მოგწონთ?
- არ მივეკუთვნები იმ მძღოლთა კატეგორიას, ხშირად რომ იცვლიან მანქანებს. თუ მოვირგე, სანამ პრობლემებს არ შემიქმნის, მყავს. ძალიან ბევრი მანქანა მომწონს, მაგრამ ზოგიერთის ფასს ვერ შეწვდები. ჩემი აზრით, "მერსედესი" კარგი ბრენდია, მომწონს "რენჯ-როვერი", სედანიც. ჯიპებს ისე მივეჩვიე, პატარა მანქანების მართვა, ასე მგონია, გამიჭირდება. ამჟამად "მერსედესის" ჯიპი მყავს და კმაყოფილი ვარ.
- მამაკაცი მძღოლები ხშირად საყვედურობენ მანდილოსნებს, რომ ისინი კარგად ვერ მართავენ საჭეს.
- ამბობენ, მძღოლი ქალები სულ სხვა ფენომენიაო. მანქანა წინ რომ მიმყვება, მიხვრა-მოხვრაზე მაშინვე ვგრძნობ, საჭეს ვინ მართავს. არ ეწყინოთ მანდილოსნებს, მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცას გააკეთებენ, რომ ეგრევე ვგრძნობ, საჭესთან რომ ქალია. შეიძლება ისინი უფრო ფრთხილები არიან, მაგრამ ალბათ, ამის გამო უფრო მეტადაც არღვევენ წესებს, ვიდრე კაცები.
- ფეხით მოსიარულეთა შესახებ რას გვეტყვით. სამწუხაროდ, ხშირად ხდება უბედური შემთხვევები მათი უხეში დარღვევების გამო.
- გასაგებია, როცა მაგისტრალზე ან რუსთაველზე გადარბიხარ და შენს თავს განსაცდელში იგდებ, მაგრამ სხვას რაღას ერჩი?! მძღოლი არ უნდა იყოს დაძაბული, რომ ფეხით მოსიარულე მოულოდნელად გზაზე გადმოუხტება. ამ დროს შეიძლება ის არაფერ შუაში არ იყოს და საშინელება დატრიალდეს. ადრე მიწისქვეშა გადასასვლელები სავსე იყო ნაგვით და დაგუბებული წყლით. ახლა, როცა ეს პრობლემა მოწესრიგდა და თან ნაკლებია შიში, რომ ყაჩაღი დაგხვდება და რამეს წაგართმევს, ყველა უნდა შეეცადოს ისარგებლოს ამ გადასასვლელებით. … ეს საკითხი მოწესრიგებადია, თუ თითოეული შეიგნებს, რომ ამით, პირველ რიგში, საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება.