ავტორი:

რას აცხადებს პრემიერი აშშ-ის მიერ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

რას აცხადებს პრემიერი აშშ-ის მიერ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

“ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“ ,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

როგორც მან განმარტა, ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას.

  • “თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.

ამასთან პრემიერის თქმით, “მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა“.

  • მან მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს “მოთმინებისთვის“.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან. გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შსს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის.

შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა არც ამ შემთხვევაში დაუგმია ევროკავშირს. ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან, 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო, დღეს კი ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმადაა გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

  • როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი “არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად, რადგან ეს არის მათი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე“.

მისი თქმით, სწორედ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.

“ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწადნახევარი ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან იმ ძალებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შანტაჟისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. ანალოგიურად, ვპირდებით ყველას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1 120 000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს და ჩვენ სლოგანს - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ,“- განაცხადა პრემიერმა.