საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. თბილისის გარდა მომიტინგეები შეკრებილები არიან ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში და სხვა ქალაქებში.
ბათუმში საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
მათივე განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს.
“ხედავთ, საქართველოს ყველა კუთხეში გამოსული არიან მოქალაქეები და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ერთად ყოფნა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ძალიან ცოტა დრო დარჩა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ისინი ვერ წავლენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ვალდებული იქნებიან, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხი მოვიგებთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს "ქართული ოცნების" გორის ოფისთან, მსვლელობის პარალელურად, გორელებს შეძახილით - „გამოდით“, მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.
მომიტინგეებს უჭირავთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „ნუ სცემთ ჩვენს შვილებს“, „გორი არ იქნება სარატოვი“, „გორი მხოლოდ სპეცრაზმი არ არის“.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ მსვლელობის უზრუნვლსაყოფად, სტალინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა.
"მოყვარე ვერასდროს გახდება, ვინც ჩვენს თანამოქალაქეებს ბომბავდა, ამიტომ, მტერს დაერქვას მტერი, მოყვარეს - მოყვარე, ჩვენ დღეს არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება სპეცრაზმელებს არის ამოფარებული, რომლებმაც არც კი იციან, რას აკეთებენ, არ იციან, რომ არ უნდა შეასრულონ უკანონო დავალება, უბრალოდ, სისტემის მსხვერპლნი არიან, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობისკენ უბიძგებენ, ეს უბედურება უნდა დამთავრდეს, არალიგიტიმური ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს მმართველობა და დალაგდება ყველაფერი. ჩვენ ხალხს არაფერი გვაქვს გასაყოფი. არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და მერე ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტურაშვილმა.
დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.