ავტორი:

"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა

"პუფები", კვერცხები, დროშები, ჩაფხუტები წაიღეს..." - ვისთან მივიდა დღეს შსს? დაკავებების, ჩხრეკებისა და დაპირისპირებების ქრონიკა

"მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები", - ასე შეაფასა პრემიერმა კობახიძემ დღის განმავლობაში რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარება. პარტიების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას კვერცხები და ფეიერვერკები ამოიღეს.

დღის განმავლობაში, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი“ აქვეყნებს.

"ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“- წერს „დაფიონი“.

დღის განმავლობაში ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიცია იყო შესული.

  • სამართალდამცველები ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება.

"დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ერთი პირი, "კოალიცია ცვლილების“ კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია დააკავეს.

როგორც გელა ხასაიამ დაკავებისას აღნიშნა, მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ ის. „არ ვიცი, ჩემთვის ვიდექი“ . აღნიშნა ხასაიამ.

"გირჩი-დროას" ინფორმაციით, პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ კვერცხები და ფოიერვერკები ამოიღო

"ეს რეჟიმი არის შეშინებული და ახლა ცდილობს, თუ ჩვენი ოფისიდან ამოიღებენ ფოიერვერკებს, ნატრიქლორს, „პუფებს“, კვერცხებს, რომელსაც ვიყენებთ მოძალადე სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ამით ამ პროტესტს შეაჩერებენ. სინამდვილეში, არავითარი ჩხრეკა ოფისს არ სჭირდება. პირადად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნებისმიერ ნივთს, რომელიც ამ ოფისში ინახება, დაწყებული საკანცელარიოდან, დამთავრებული ფოიერვერკით, ვიყენებთ სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესში იმიტომ, რომ ეს არის მოძალადე რუსული რეჟიმი. შესაბამისად, საჭიროა სამოქალაქო წინააღმდეგობა. თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ უკანონო ღონისძიებით ვინმეს შეაშინებენ და პროტესტი აღარ იქნება, დღეს საღამოს დავინახავთ, რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე გუშინ. ეს პროტესტი არის მზარდი, დინამიკა არის პოზიტიური. ეს ყველაფერი დასრულდება მათი პოლიტიკური პატრონების სრული ჩამოშლით და საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლემონჯავამ.

  • პარტია "დროას" ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა, ხმაური იყო - სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს.

ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და “ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.

პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ბროსეს ქუჩაზე მდებარე ოფისში პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა.

შსს-ს თანამშრომლებმა ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრს, სოფო ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ "სასამართლო განჩინების საფუძველზე, შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", რის გამოც მას ოფისში ვერ შეუშვებდნენ.

  • ცოტა ხნის წინ კი სამართალდამცავებმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი დააკავეს. 5 პირი ახალგაზრდული ფრთის ოფისიდან პოლიციამ გაიყვანა. პარალელურად ჩხრეკა ოფისში ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციამ ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში გარკვეული ნივთები, სავარაუდოდ, დროშები, ჩაფხუტები და ა.შ. წაიღო.

წაიკითხეთ ასევე: