ავტორი:

პროტესტი პარლამენტთან გრძელდება, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი - აქციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით შეუერთდნენ

პროტესტი პარლამენტთან გრძელდება, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი - აქციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია.

  • პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს და აქციას შეუერთდნენ.

ისინი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირამდე ბანერებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ისმის შეძახილები: "ტურიზმი დგას ერთად!" "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.

  • დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთანაც.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებებს არ თანხმდებიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.

როგორც აქციის მონაწილეებმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, არხი მენეჯმენტის გადადგომაზე მათ მოთხოვნას არ თანხმდება, თუმცა გარკვეული შეთავაზება აქვს.

“შემოთავაზება არის ის, რომ “პრაიმ ტაიმში“ ეთერი 22:00 საათზე გაგრძელდება იქამდე, სანამ კრიზისი ქვეყანაში არსებობს, ოღონდ იმ დათქმით, რომ პარიტეტი იქნება დაცული და განსხვავებული პოზიციის ადამიანებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად მიიღონ გადაცემაში მონაწილეობა. მეორე საკითხი არის მენეჯმენტის ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომის საკითხი. ამის თაობაზე მათი პასუხი არის უარი. ცხადია, ჩვენი მხრიდან არ იყო არაფერი გაჟღერებული, რომ რაიმეზე ვთანხმდებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.