ავტორი:

პროტესტანტების მორიგი დაშლა - სპეცრაზმმა არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი, აკავებენ აქციის მონაწილეებს

პროტესტანტების მორიგი დაშლა - სპეცრაზმმა არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი, აკავებენ აქციის მონაწილეებს
  • გიორგი ნიკოლიშვილის ფოტოები

სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის საშუალებით რუსთაველზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დღესაც დაშალეს. რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.

სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებში მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ.

სპეცრაზმი და სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე მივიდა თავისუფლების მოედნიდან, ასევე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიდან.

  • განახლება: 02:17

საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კვლავ იყენებს წყლის ჭავლს, ხოლო დემონსტრანტები სპეცრაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან.

ასევე, სპეცრაზმი იყენებს სპეციალურ საშუალებებს ე.წ. გაზის კაფსულებს.

პარალელურად, ჩართულია გამაფრთხილებელი ხმაც, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები.

სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი აქციის მონაწილეები რჩებიან - მომიტინგეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული.

  • განახლება: 03:02

საპროტესტო აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა.

მომიტინგეების დიდმა ნაწილმა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, რუსთაველის გამზირი დატოვა და სანაპიროს ტერიტორიაზე ჩავიდა. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფებმა ასევე, გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე.

მსვლელობას ავტომობილები სიგნალებითა და შეძახილებით უერთდებიან და აქციის მონაწილეებს ამხნევებენ.

რუსთაველის გამზირს ამ დროისთვის, თითქმის სრულად საპოლიციო ძალები, სპეცრაზმი აკონტროლებს.

იხილეთ ასევე: