ავტორი:

"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

ორი დღის წინ, აქციაზე გიორგი ნაკაშიძე დააკავეს. მსახიობის თქმით, აქციაზე ყოფნისას წინა პერიმეტრზე მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევიდა, რა დროსაც სპეცრაზმმა აიყვანა. 13 დეკემბერს, თერთმეტ საათზე გიორგი ნაკაშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

იქამდე კი Ambebi.ge-სთან დაკავების დეტალებს იხსენებს

- უკვე კარგად ვარ, ჯანზე, კაცურად ვარ. რა შემიძლია გითხრათ, მე არაფერი გამიკეთებია. ბავშვის მოსაძებნად შევედი, დამავლეს ხელი. პირადი ნივთები წამართვეს, მცემეს, მანქანაში შემტენეს ნიღბიანმა ადამიანებმა. მგონი, ისინი პოლიციელები არც იყვნენ, ზონდერები იყვნენ. ჩემს გვერდზე სამი ადამიანი შემოიყვანეს და უმოწყალოდ სცემეს. ამ ყველაფრის შემდეგ, პირადი ნივთები, ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პოლიციას, პატრულს და პატრულმა წაგვიყვანა.

- როგორ ფიქრობთ, ვერ გიცნეს, რომ ცნობილი მსახიობი იყავით?

- ისინი ისეთ ემოციურ მდგომარეობაში არიან, მსახიობი ზოგჯერ წვერებშია, მეორეც, რა განსხვავებაა მიცნეს, არ მიცნეს, როგორც არაადამიანს ისე მომექცნენ. რომც ვეცნე და დამზოგავდნენ, მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდი? - ხალხს რას უშვრებიან. მერე მიცნეს, მგონი პატრულის თანამშრომლებმა მიცნეს.

- ისინი როგორ გექცეოდნენ?

- პატრულს რომ გადამცეს, სადაც მიმიყვანეს პატრულის ოფისში, ძალიან კორექტულად ექცეოდნენ ხალხს. სიგარეტს აწევინებდნენ...

ფოტო აქციიდან

- ამ დღეებში რომ ვადევნებთ თვალს, დაკავებული ცნობილი ადამიანებიდან დიდი ნაწილი მსახიობია, თქვენი სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ უფრო თამამები? - უამრავი მომღერალი გვყავს ქვეყანაში...

- მაგაზე მეც ვიფიქრე, ალბათ იმიტომ რომ მსახიობის პროფესია მასიურ ხასიათს ატარებს. მსახიობებს ყველაზე ძლიერად გაუჩნდათ პროტესტი, რომ შეექმნებათ პრობლემები იმ რეჟიმის მდგომარეობაში რაც შეიძლება იყოს. შეეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება, როდესაც შენ გიკრძალავენ სცენაზე რამის გაკეთებას. მსახიობებმა გააცნობიერეს ეს, თორემ იქ მხატვრებიც დგანან. ხელოვან ხალხს კიდევ უფრო ძლიერად აქვს ამის შეგრძნება. ხელოვნება იბადება თავისუფლებიდან და თუ თავისუფლებას ზღუდავ, ეს უკვე კონფორმისტული ხელოვნებაა და ეს ხელოვნებას აღარ ეკუთვნის.

- თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მსახიობი ერთ აზრზე არ არის...

- ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, მთელ მსოფლიოში ასე არიან ადამიანები მოწყობილი. მე პირადადა მაგისთვის ვიბრძვი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის უფლება. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. პოსტიც დავწერე, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველა მიყვარხართ. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. ზვიად გამსახურდიას დროსაც დაიწყო ადამიანებს შორის დაპირისპირება და სამოქალაქო ომამდე მივედით. ჩვენი გამოცდილება თუ არ გავითვალისწინეთ და შეცდომები, ერთ წრეზე ვივლით, როგორც მიჯაჭვული ამირანი და სიზიფეს მითი. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, ამისთვის არსებობს ეს ტელევიზიები აზრი გამოთქვან. იგივე ფეისბუქი, კი არ უნდა წაშალო ის ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, უნდა მიიღო. იქნებ შენ ცდები და ისაა მართალი ან პირიქით.

- არავის არ იცნობთ მმართველი ხელისუფლების მხრიდან, არ დაგისვამთ კითხვა მათთვის რატომ ხდება ასე?

- როგორ არა, ჩემი მეგობრების ოჯახის წევრები და ძალიან ბევრი ხალხია იქით. ოჯახებში შვილები, შვილიშვილები ერთ აზრზე არიან, ბებიები სხვა აზრზე. მათ შორის სულ კონფლიქტი და განხეთქილებაა, ჩემს ირგვლივ, ჩემს სადარბაზოში, უბანში, ქალაქში. ეს არის ჩვეულებრივი წინაპირობა დიდი კონფლიქტის. ამაში ვიქნებით ჩართულები ოჯახის წევრები, სისხლით ნათესავები, მეგობრები, ამით ვინ იხეირებს? - ჩვენი მტერი.

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი, დათმობს ხელისუფლება?

- არ ვიცი, მე ის ვიცი, რომ სიმართლის მხარეს უნდა იყოს გამარჯვება. მე ამისთვის ვიბრძვი. ღმერთმა იცის, ამ უხილავი ძალის ძალიან მჯერა და მის ჩარევას ბოლო მომენტში ველოდები ხოლმე როგორც ბევრი ადამიანი. სამყარო ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, ბიბლიაში წერია ყველაფერი. არაფერი ისეთი არ ხდება რაც არ მომხდარა, დამიჯერეთ, ესეც ჩაივლის, ეკლესიასტეს რომ დავესესხოთ.