ავტორი:

"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ

"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა.

"ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა, მათ შორის ბექა ყორშია, რომელსაც, მისი ინფორმაციით დაზიანებები არ აღენიშნება.

გარდა ამისა, როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულების ნაწილი კვლავ საუბრობს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და პირადი ნივთების დაკარგვაზე.

"თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს სახეზე ნაჟღენთებიც აღენიშნება.

ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორს, ვნახე ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება“,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს.

„მინდა, მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს და ყველა პირადი ნივთი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ჩამოერთვათ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ“, - განაცხადა იოსელიანმა.