ავტორი:

"ნათიას კივილი ახლაც ყურში მიტრიალებს..." - რა ხდება ცნობილი დაკავებული ექსმაღალჩინოსნისა და მისი ვაჟის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია

"ნათიას კივილი ახლაც ყურში მიტრიალებს..." - რა ხდება ცნობილი დაკავებული ექსმაღალჩინოსნისა და მისი ვაჟის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია

რესპუბლიკის მოედანზე წუხელ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე დააკავეს. ნიკა ალავიძე აღნიშნულ პოსტს 2019 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში იკავებდა. დაკავების კადრებს გამოცემა "მაუწყებელი" აქვეყნებს.

  • ვიდეოში ჩანს, რომ ათობით სპეცრაზმელი მამა-შვილს ძალადობრივად აკავებს. ფაქტს შეესწრო ნიკა ალავიძის მეუღლეც, ნათია გოგიჩაიშვილი. ფოტო, სადაც მუხლებზე დამხობილი ქალი ჩანს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • ჯერჯერობით მათ დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული მამა-შვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულის შესახებ, მისი მეგობრები პოსტებს ფეისბუქზე ავრცელებენ. RENTALS-სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი წერს:

"გუშინ აქციაზე მე და ნიკოლოზ ალავიძე , ჩემი დიდი ხნის მეგობარი, კაი ხანს ვიდექით და მსჯელობდით ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკაზე, შვილებზე... მერე დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.

სახლში მოვედი და ვიგებ ნიკა და მისი ბიჭი აუყვანიათო. ნათიას კივილი ახლაც ყურში მიტრიალებს. ნიკა არის გამორჩეული ადამიანი. განათლებული, შეგნებული, თბილი, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი. ვის ებრძვით?".

Future Laboratory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე დაკავებულის მეუღლის ფოტოს აზიარებს და წერს:

- ქართველი დედა, რომელიც დაჩოქილია ქართველების მიერ. მას ხელიდან შვილი და მეუღლე გამოგლიჯეს. მეუღლე რომელიც ქართული ოცნების გუნდში მუშაობდა, იყო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საკმაოდ ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის სახელმწიფო სამსახურში და კერძო სექტორში წამოსვლის შემდეგ.

ძალიან კარგი ადამიანი, პროფესიონალი. დაიჭირეს მისი ალყაში მოთავსების შედეგად, როდესაც ის აქციიდან ბრუნდებოდა სახლში, აქციის ჩატარების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით. გაიტაცეს ასევე მისი შვილი!

ვაკო ალავიძე "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, მარტო გუშინ ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი.

წაიკითხეთ ასევე: