ავტორი:

ვასო ფხაკაძე, ვანო ჯავახიშვილი, ლევან წულაძე... - ვინ როგორ ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს: ცნობილი სახეების კომენტარები სასამართლოდან

ვასო ფხაკაძე, ვანო ჯავახიშვილი, ლევან წულაძე... - ვინ როგორ ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს: ცნობილი სახეების კომენტარები სასამართლოდან

ამ ომს მოვიგებთ! - ამის შესახებ იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება იმ პირების მხარდასაჭერად, რომელთა სასამართლო პროცესიც ახლა უნდა გაიმართოს.

"არა მხოლოდ მსახიობებში, იუმორისტებში, მათ შორის, ექიმებში - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში, რომ ცნობილი ადამიანია, ასე დავსაჯეთ და შენ, რომელიც არაცნობილი ხარ, შენ გათვალე რა გელისო - მათ მინდა ვუთხრა, ეს პირიქით უარესს გამოიწვევს. თქვენც ხომ ნახეთ, როცა დაკავება მოხდა, იმ საღამოსვე, სამ-ოთხჯერ მეტი მივიდა. ასეთი რაღაცები არასდროს ყოფილა, ასეთი მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, 9 აპრილის მერე ასეთი გაღიზიანება არ მახსოვს. ჩვენ მოვიგებთ ომს",- განაცხადა ფხაკაძემ.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა რეჟისორი ლევან წულაძეც:

"პირველად ხდება, როდესაც [მსახიობების] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს - ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის!"

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

„თუ ცოტას წინ გაიხედავს ადამიანი და სისტემაც 2 კვირით ან მეტით იქით, მაშინ, მგონი, ეს მათთვის წამგებიანია. შეუძლებელია ყველაზე შესანიშნავი ადამიანების დაპატიმრება უმიზეზოდ, ყოველ შემთხვევაში, გაუგებარი მიზნით, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დასაპატიმრებელი ქუჩაშია, არ ვიცი, როგორ გითხრათ...

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობებმა] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს. ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის. იმედი მაქვს, ამის შემდეგ კიდევ აღმოჩნდებიან სხვა, საამაყო ადამიანები, ეს ხომ არ დამთავრდება?! თუ მსახიობმა ამოიღო ხმა, მაშინ მალე სხვებიც ამოიღებენ ხმას.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ანდრო ჩემი სტუდენტი იყო, მისი შვილი ჩემი შვილიშვილის მეგობარია, სამი წლის არიან, მაგრამ მეგობრობენ. ასე რომ, წარმოუდგენელი ამბავია, ახლაც არ მჯერა, რომ მისთვის ვდგავარ აქ. ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, რომ ფინალში არ იქნება კომედია, კარგი რამე იქნება ბოლოს“, - განაცხადა ლევან წულაძემ.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება ვანო ჯავახიშვილიც:

„უბრალოდ, ვისაც ეწევიან და იჭერენ, ისინი მოჰყავთ. შეხედეთ, რა ამბავია?! ეს ნორმალურია? სამართალი ამ ქვეყანაში არც არსებობს, კი ვდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ხალხს, ამიტომ მოვედით, მაგრამ ხომ ვიცით, ეს რა შენობაა. სასამართლო დარბაზების კარები ღიაა, ერთი პოლიციელი შედის ერთში, მერე მეორეში შევა - ერთი და იგივე ბრალით და ერთი და იგივე ჩვენებით“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი იმართება. ყველა დაკავებული პირი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში 28 ნოემბრიდან პროტესტი მოჰყვა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.