გუშინ, ღამით, მას შემდეგ რაც დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის შემდეგ, სანაპიროზე გადაინაცვლა, დაპირისპირება მოხდა გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილიდან გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.
რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი და დემონსტრანტებს აგინებს.
ვიდეო 2019 წლის 3 მარტით თარიღდება, მაშინ, როცა მიქაძეს დავით გულიაშვილის ცემის გამო აკავებენ. სამართალდამცავებს არც ემორჩილება და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს. მიქაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელები ხელს ვერ უშლიან.
"მთავარის" ინფორმაციით, ინციდენტი 2019 წლის 23 თებერვალს ქაშუეთთან მოხდა. მოქალაქე დავით გულიაშვილს სწორედ სამართალდამცველების თვალწინ სასტიკად გაუსწორდა დავით მიქაძე.
ანასტასია თოფურიძე ნინი ბადურაშვილის დაა, დავით მიქაძის გარშემო მომხდარ გუშინდელ ინციდენტზე ინსტაგრამის "სთორიში" სპეციალურ ტექსტს ავრცელებს:
- გუშინ, დათო მიქაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს. ეს იყო გაუგებრობა. როცა აქციის მონაწილეებს დათოს მანქანა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის საკუთრებად მიაჩნდათ.
ამ შეხედულების საფუძველზე წარმოქმნილმა შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა განაპირობა დათოს ავტომობილიდან გადმოსვლა და კონფლიქტის წარმოშობა. ამ ინციდენტს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ კონტექსტთან.
ანასტასია თოფურიძე ასევე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და წერს:
- როდესაც მშვიდობიან პროტესტს პასუხობენ ძალით, ეს მხოლოდ აძლიერებს ხალხის სურვილს, იბრძოლონ სამართლიანობისთვის და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება. და ძალადობა ყოველთვის ასრულებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. შეწყვიტეთ ხალხზე ძალადობა.
უცნობია რატომ გაავრცელა ანასტასია თოფურიძემ დავით მიქაძის შესახებ განცხადება. ბადურაშვილის და 2012 წლიდან დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც ცნობილი ოჯახის ქალიშვილმა 2012 წელს იქორწინა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
ანასტასია თოფურიძე პოპულარული ოჯახის წევრებისგან განსხვავებით მედიაში არასოდეს ჩნდება, უცნობია მისი საქმიანობის შესახებ. როგორც მისი ლინკდინის პროფილიდან გავარკვიეთ, ერთ-ერთ პოპულარულ ონლაინ სათამაშო კომპანიაში მუშაობს.