რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროტესტის მონაწილეებმა დღეს რამდენიმე პერფორმანსი გააკეთეს.
მოქალაქეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ნაძვის ხეზე გასულ დღეებში დაშავებული აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე გააკრეს პლაკატები, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი.
დღევანდელ აქციაზე საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მობილიზება არ ყოფილა, თუმცა, აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, თავისუფლების მოედანზე განლაგდა წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი ავტობუსები.
ამასთან, პროტესტის მონაწილეებმა დემონსტრაციულად მოიტანეს და დაწვეს კუბო, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იდო.
აქციის მონაწილეებმა შეკრება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყეს და მალევე გადაკეტეს სატრანსპორტო მოძრაობა.
შეგახსენებთ, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.