ავტორი:

პროტესტის მე-15 დღე: მანიფესტაცია და გადაკეტილი რუსთაველი, აქცია ბათუმში და კარვები ქუთაისში

პროტესტის მე-15 დღე: მანიფესტაცია და გადაკეტილი რუსთაველი, აქცია ბათუმში და კარვები ქუთაისში

საქართველოში საპროტესტო მოძრაობა გრძელდება.

  • აქცია თბილისში

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტად, უკვე მე-15 დღეა მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028-წლამდე არ დააყენებს.

დღეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან იკრიბებიან, სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, 21:00 საათზე, სხვადასხვა ქვეყნის ევროპარლამენტარებიც მივლენ, სავარაუდოდ, ისინი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

  • რა ხდება ბათუმში?

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის მთავრობის სახლთანაც.

გამსახურდიას ქუჩაზე - საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას საჯარო სექტორის თანამშრომლებიც უერთდებიან.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

“წვიმის და სიცივის მიუხედავად, ბათუმი მაინც გამოვა და გააპროტესტებს ძალადობას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას. გამოსავალი ერთია, რუსული რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და ველოდებით ჩვენს თანაქალაქელებს”, - აცხადებენ შეკრებილები.

  • კარვები ქუთაისში

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები კვლავ მერიის წინ შეიკრიბნენ, სადაც ამ წუთებში კარვებს შლიან.

მათი თქმით, აქციები ყოველდღიურად გრძელდება, წვიმამ, ხელი რომ არ შეუშალოთ, ადგილზე მისული ადამიანები, დროებით კარვებს შეაფარებენ თავს.

  • ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

განახლება 22:31

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ