ნაირა გელაშვილის ფსიქოლოგიური რომანი - “დედის ოთახი“, რომელიც უჩვეულო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს

ნაირა გელაშვილის ფსიქოლოგიური რომანი - “დედის ოთახი“, რომელიც უჩვეულო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს

ნაირა გელაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ღრმა ანალიზით, ფილოსოფიური თემატიკით, ცხოვრებისეული სიუჟეტებითა და საინტერესო მიგნებებით ხასიათდება.

მწერალი წლებია, სხვადასხვა თაობის მკითხველში დიდი ინტერესით სარგებლობს. თვალსაჩინოა მისი საქმიანობაც: ის გახლავთ როგორც მწერალი, ისე გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და გარემოსდამცველი. ნაირა გელაშვილი არის ქალების ხმა ქართულ ლიტერატურაში.

ნაირა გელაშვილის შემოქმედება მოიცავს პროზას, პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკასა და კვლევას, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი შინაარსის პუბლიცისტიკას, საბავშვო ლიტერატურას, პოეტური ნაწარმოებებისა და ლიტერატურულ-ფილოსოფიურ თეოლოგიური თხზულებების თარგმანს გერმანულიდან და რუსულიდან, საბავშვო სიმღერებსა და საბავშვო მუსიკას. გამოცემულია ნაირა გელაშვილის თხზულებათა 15 ტომი.

  • რაც შეეხება “დედის ოთახს“, ის მწერლის მეორე ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც 1986-87 წლებში ჟურნალში იბეჭდებოდა. 1978 წელს კი ერთ წიგნად გამოიცა.

რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია: მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი. საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე “მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

რომანის ძირითადი კონცეპტუალური ბირთვი სამი პერსონაჟითაა წარმოდგენილი: ელენე – ევა (ცხოვრება, ყოფნა, თვითობა); მათე – კაენი (მიწათმოქმედება, საკუთარი, ადამიანური ძალებით თვითდამკვიდრება, ღმერთს მოწყვეტილობა); გიორგი – აბელი (მომთაბარეობა, არამიზანსწრაფულობა, ღვთისგან სათნოყოფა, რაც ბაზალეთის სასწაულითაც მტკიცდება).

ნაირა გელაშვილი თავის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალის როლს თანამედროვე სამყაროში. მისი ნაწარმოებები იკვლევს ქალის პოზიციას პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. ამავდროულად, ის ერთ-ერთი პირველია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ვინც ემიგრაციის თემატიკას შეეხო. მწერლისთვის საინტერესოა, როგორ გადალახავს ადამიანი კულტურათაშორის ბარიერებს და როგორ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას საზღვარგარეთ.

მწერლის რომანები კვლავაც აქტიურად იბეჭდება და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, ახალი გამოცემებით შეავსოს თავისი ბიბლიოთეკა.

R