დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ღონისძიება - გასეირნება ნორფოლკში Sandringham House-დან St Mary Magdalene-ს ეკლესიამდე, ძირძველი ტრადიციაა. მაგრამ წელს ეს სამეფო ოჯახში შიდა დაძაბულობის მიზეზადაც იქცა - ჩინეთის სავარაუდო ჯაშუშთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ისმის კითხვა, იქნება თუ არა იორკის ჰერცოგი, პრინცი ენდრიუ ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო სეირნობისას.
სამეფო ოჯახის წყაროების ცნობით, მეფე ჩარლზი ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ აღიქმება ეს ყველაფერი და უნდა აუკრძალოს თუ არა უმცროს ძმას მონაწილეობა ამ საჯარო ღონისძიებაში.
ჯეფრი ეპშტეინის სკანდალისა და იმ კატასტროფული ინტერვიუს შემდეგაც კი, რომელიც Newsnight-ის ეთერში გავიდა, ენდრიუს იმიჯი მნიშვნელოვნად გაცამტვერდა.
1998 წელს ფინანსურმა მრჩეველმა ჯეფრი ეპშტეინმა 8 მილიონ დოლარად კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები. კუნძულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, იქ ყოველთვის იყვნენ ლამაზი ქალები. ზოგიერთი მათგანი კი არასრულწლოვანიც იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუნძულზე გოგონები ჯეფრის მეგობარს, გისლეინ მაქსველს მიჰყავდა, იქ მისულები კი ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. სექსუალური კავშირის სანაცვლოდ ძირითადად კარიერის ხელშეწყობას ჰპირდებოდნენ. საქმის ერთ-ერთი მოწმე 14 წლის იყო, როდესაც ჯეფრი ეპშტეინი გაიცნო. მაქსველი მას ჯეფრისთვის მასაჟის გაკეთების მიზნით ურეკავდა. გოგონას თითო სესიაში 300 დოლარს უხდიდნენ. არასრულწლოვანი ოთხი წლის განმავლობაში კვირაში რამდენიმეჯერ დადიოდა ჯეფრის სახლში და მას სექსუალური ხასიათის მასაჟს უკეთებდა. მეორე მოწმე 16 წლის იყო, როდესაც ის მაქსველმა და ეპშტეინმა გააუპატიურეს. საბოლოოდ, უამრავი გოგონა გამოჩნდა, რომელიც კუნძულზე არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ბრალმდებელი თქმით, ეპშტეინზე მომუშავე რეკრუტერები მიზანში ახალგაზრდა ქალებს იღებდნენ, მათ გრძნობებზე თამაშობდნენ და მუქარისა და შანტაჟის გზით სტუმრებთან სექსუალურ კავშირს აძალებდნენ.

ერთ-ერთი მსხვერპლის, ვირჯინია რობერტ ჯუფრის თქმით, კუნძულის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი სწორედ პრინცი ენდრიუ იყო, რომელიც მასზე სექსუალურად ძალადობდა. გოგონა ამ დროს 17 წლის იყო.
2019 წლის ივლისში ეპშტეინი ფლორიდის ხელისუფლებამ არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. ის ამავე წელს, ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებსა და მათ წევრებზე იმდენად დიდ ინფორმაციას ფლობდა, რომ ის მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ენდრიუ უარყოფს.
2022 წელს ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგაც, ენდრიუ კვლავ ჩართული იყო სამეფო ოჯახის ცხოვრებაში. შესაბამისად, მიმდინარე წელს მისი გამორიცხვა "დაადასტურებს, რომ ჩარლზსა და ენდრიუს შორის ურთიერთობა გაფუჭდა“. ამის შესახებ კრეიგ პრესკოტმა განაცხადა, წიგნის - “თანამედროვე მონარქია” ავტორმა და ლონდონის Royal Holloway უნივერსიტეტის ლექტორმა, - „ეს იქნებოდა ნათელი სიგნალი, რომ ჩარლზი ამ პრობლემის მინიმიზებას ცდილობს.“
გასულ კვირას სასამართლოს დოკუმენტების საფუძველზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჩინეთის ჯაშუშმა, რომელიც ახლა გაერთიანებული სამეფოდან გაძევებულია, ბრიტანეთის ელიტასთან კავშირები დაამყარა და ენდრიუსთან დაახლოვდა. პრინცის ოფისის მეშვეობით გავრცელებული ცნობით, ენდრიუმ განაცხადა, რომ სავარაუდო ჯაშუშთან, რომელსაც H6-ს უწოდებენ, ამ ეტაპზე "ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის საკითხი მასთან არასდროს განხილულა", არადა, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, H6-ს უთხრეს, რომ შეეძლო, ჩინეთში პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობისას ენდრიუს სახელით ემოქმედა.
როგორც მედია წერს, ამ ენდრიუს ამ გარიგებაში ფინანსური ინტერესის გამო მონაწილეობდა.
ინსტიტუციისთვის მთავარი დილემა ისაა, რა უნდა ქნას ენდრიუსთან დაკავშირებით ახლა და მომავალში.

ის აღარ სარგებლობს მონარქიისა და მისი მრჩევლების ინსტიტუციური მხარდაჭერით, თუმცა, ისტორია აჩვენებს, რომ ის რჩევებს ისედაც ხშირად უგულებელყოფდა. ენდრიუ არც სამეფო გრანტიდან იღებს ფინანსებს. უცნობია, რა შეიძლება მიეღო მას მემკვიდრეობით გარდაცვლილი მშობლებისგან.
"მისი ფინანსები ყოველთვის გამოცანად რჩება, უცნობია, საიდან იღებს ფულს, რომ იმ ხარისხის ცხოვრებით იცხოვროს, რასაც შეჩვეულია?“ - კითხულობენ სამეფო ოჯახის ექსპერტები.
ეს ფინანსები კი მისი 30-ოთახიანი სახლის გადასახადებს და უინძორში მდებარე სამეფო ლოჟის უსაფრთხოების წლიურ ხარჯებს მოიცავს, რაც, დაახლოებით, 3 მილიონ ფუნტს შეადგენს. როგორც ცნობილია, ენდრიუმ უარი თქვა ჩარლზის შეთავაზებაზე, 5-ოთახიან ფროგმორის კოტეჯში გადასულიყო, რომელიც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ყოფილი სახლია.
ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სამეფო ოჯახი ენდრიუს სახელით აღარ საუბრობს, რადგან ის აქტიური სტატუსის მქონე სამეფო ოჯახის წევრი აღარ არის.
"ძალიან რთულია გაარკვიო, რაზეა წამსვლელი ენდრიუს მსგავსი ადამიანი... მას მუდმივად დასჭირდება ფული და, ალბათ, ყოველთვის მოძებნის გზებს მის მოსაპოვებლად. მეფემ ყველაფერი სცადა, ფროგმორის კოტეჯში უხმაურო გადასვლაც შესთავაზა, რაც მის უსაფრთხოებისა და საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის ხარჯებს შეამცირებდა, თუმცა ძმისგან უარი მიიღო..." - ამბობს ექსპერტი.