“დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ამის საპასუხოდ ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ. დღეს, ჩვენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით და კომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების დაწესების საკითხი იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან“, - განაცხადა კაია კალასმა.
“მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, “შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო“.
“დღეს კომისიასთან ერთად რაც განვიხილეთ დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა. უნდა ითქვას, რომ დისკუსია ძალიან ინტენსიური იყო და ასევე მეტის გაკეთების დიდი სურვილიც იყო. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა და სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, - განაცხადა კაია კალასმა.