ავტორი:

დაპირისპირება, ინციდენტი, გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და პროტესტი ილუმინაციების ფონზე - რა ხდება პარლამენტთან (ფოტო/ვიდეო)

დაპირისპირება, ინციდენტი, გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და პროტესტი ილუმინაციების ფონზე - რა ხდება პარლამენტთან (ფოტო/ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე უკვე 19-ე დღეა პროტესტი გრძელდება. დღეს თბილისის მერიამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები საზეიმო ღონისძიებების გარეშე აანთო.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მსვლელობაც შეუერთდა. ისინი ადგილზე რჩებიან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. 18 მეტრიანი ავტობუსი მთავარ მაგისტრალზე გაიჭედა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, გასწორება შეძლო და ადგილი დატოვა.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე უცნობი პირები გამოჩნდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები “ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

  • “ეს ნიღბიანი ბიჭები მეტროში სცემდნენ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ. შემდეგ ამოვიდნენ და იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ყველას მიმართ. სამართალდამცავებმა წაიყვანეს, მაგრამ არ ვიცით, სად წაიყვანეს, დააკავეს თუ არა. ჩვენები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ დგომისთვისაც გვიჭერენ. აქციის მონაწილეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო

მანამდე ორივე აგრესიული პირი თბილისის მეტროში შენიშნეს. შელაპარაკებების შემდეგ, ისინი ახალგაზრდა ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დროისთვის ვითარება განიმუხტა. შეკრებილები პროტესტს განაგრძობენ.

იხილეთ ასევე:

ფოტო: ვანო გორგიშვილი/IPN