საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე, ანტიქართულს უწოდებს.
“მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. იცით, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ასეთი გადაწყვეტილების შედეგია, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც სერიოზული პრობლემაა.
თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია.
“ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, “მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია”, - აცხადებს კობახიძე.
იხილეთ ასევე: