"გული მწყდება, მეც რომ მონაწილეობა მაქვს ამ ყველაფერში მიღებული თავის დროზე, მიუხედავად იმისა რომ 2017 წელს იყო, მაინც არასასიამოვნოდ მახსენდება" - ამბობს ახალგაზრდა, ლამაზი მსახიობი ანა ჯავახიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" კლიპში 18 წლის ასაკში მონაწილეობდა...
იგი დღეს საპროტესტო აქციებზე ხშირად იმყოფება და თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე, თავად გვესაუბრა...
- ამ აქციებზე მთავარი მუხტი აქციებზე ახალგაზრდებს უჭირავთ, რადგან ცვლილებების ინიციატორები ალბათ ყოველთვის ახალგაზრდები იყვნენ და არიან. აქციებზე ასევე ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუებიც დგანან, იქ ყველა თაობის წარმომადგენელია... თუმცა მაინც მთავარი მუხტი და ძალა ახალგაზრდების არის.
მეც იმ ახალგაზრდებთან ერთად ვდგავარ, ვინც აქციებზეა.. არაერთხელ გამიპროტესტებია ევროპული კურსის შეცვლა ახლაც და ადრეც - მაისში, მარტში... მთავრობას მხარს არანაირად არ ვუჭერ, რადგან ქვეყნის კურსი შეცვლილია, ქვეყანაში ქაოსი, გაუგებრობა, ძალადობაა... მეც და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვგმობთ ( როგორც ახლა არის მოდაში ეს სიტყვა) მსგავს საქციელს...

- რა იყო ისეთი, რაც აქციებზე საკუთარი თვალით ნახეთ და შეგაშფოთათ?
- რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს იყო საშინელი ძალადობა სამართალდამცავებისგან. ძალიან ბევრჯერ მოვიწამლე გაზით. არაფერს არ ვაშავებდით, უბრალოდ ვიდექით და მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. მეც და ჩემი მეგობრებიც ხშირად მივსულვართ სახლში გაზით მოწამლულები... ასევე აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, სადაც უკვე ხალხი აღარ იყო, ჩვენც გამოვდიოდით, ერთი ადამიანი უბრალოდ იდგა, ვიდეოს იღებდა, ამ დროს "რობოკობები" ჩამოდიოდნენ, რომლებიც ძალიან ცუდი სიტყვებით აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. ეს რაც თავად ვნახე და ჩემს მეგობრებს კიდევ ბევრი ისტორიები აქვთ.
რაც ტელევიზიით ვნახეთ, ეს საერთოდ საშინელება იყო... ვნახეთ როგორ ექცეოდნენ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს... ხანდახან მართლაც მერჩივნა, ყოველდღე გავსულიყავი და იქ ვმდგარიყავი, ვიდრე ტელევიზორი ჩამერთო და მენახა, რაც ხდებოდა... კამერა, ჟურნალისტი ყოველთვის უფრო ეპიცენტრშია და მათი მეშვეობით საშინელებებს ხედავ. ამიტომაც აქციებზე უფრო მშვიდადაც კი ვიდექით, ვიდრე ტელევიზორთან მქონდა ემოციები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყანა, ამიტომაც დასავლეთს, ევროპას არანაირი ალტერნატივა არ აქვს! მგონია, რომ ჩვენთვის ეს არის ერთადერთი ხსნა, თუნდაც განათლების, ხელოვნების, ყველა კუთხით...

- მასობრივი გახდა არტისტების პროტესტი..
- დიახ, ძალიან გამიხარდა არტისტების პროტესტი, რასაკვირველია დიდი სიხარულით შევუერთდი. თუნდაც ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესზე როცა ამდენი ჩემი კოლეგა, მეგობარი, უნივერსიტეტელი დავინახე, უზომოდ გავიხარე, გული გამითბა...მგონია, რომ ბრძოლას აზრი აქვს, რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს თეატრებისთვის, ჩვენც უნდა გვქონოდა ახლა პრემიერა, მაგრამ გადაიდო. ყველანაირად გვერდით ვუდგავართ, მხარს ვუჭერთ გაფიცულ არტისტებს, მათ ვინც ახლა ციხეში არიან.. ალბათ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.

- ნანობთ "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპში რომ მონაწილეობდით?
- ახლა ნამდვილად ვნანობ.. თუმცა მაშინ, 2016-17 წელს "ქართული ოცნება" ცოტა სხვა პარტია იყო. მაშინ არც ამდენი ძალადობა და კურსის ცვლილება არ იყო, მეც 18 წლის ვიყავი და ამდენად ბევრს ვერ მოვთხოვ ჩემს თავს მაგ პერიოდიდან. პირველ კურსზე ვიყავი და საკითხებს ახლა ბევრად სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე მაშინ ვუყურებდი. ცოტა გული მწყდება, მეც რომ მონაწილეობა მაქვს ამ ყველაფერში მიღებული თავის დროზე, მიუხედავად იმისა რომ 2017 წელს იყო, მაინც არასასიამოვნოდ მახსენდება.
- საზღვარგარეთ წასვლაზე გიფიქრიათ?
- საზღვარგარეთ წასვლაზე ადრეც მიფიქრია, თუმცა მაშინ სწავლის გასაგრძელებლად, კვალიფიკაციის ამაღლების მხრივ მსურდა... ახლა მე და ჩემი მეგობრები ყოველდღიურად განვიხილავთ, რა შეიძლება მოხდეს და რა აჯობებს, მართლაც ხომ არ წავიდეთ. უფრო ხშირად არის საახლობლოში წასვლაზე საუბარი, ვიდრე იყო და იმედი მაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ წავა ამ ქვეყნიდან. აქ დავრჩებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.