ავტორი:

"ვეფხია კასრაძემ, რომელიც 5 შვილის მამაა და მისი ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში ცხოვრობს, შიმშილობა დაიწყო" - რას წერს ადვოკატი აქციაზე დაკავებულ პირზე

"ვეფხია კასრაძემ, რომელიც 5 შვილის მამაა და მისი ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში ცხოვრობს, შიმშილობა დაიწყო" - რას წერს ადვოკატი აქციაზე დაკავებულ პირზე

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კასრაძეს ხუთი შვილი ჰყავს და მისი ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში ცხოვრობს.

"შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს. ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ "დაორგანიზებულ" ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს? მიიმალებაო...

  • კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ.

მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო - 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!!!

ფსიქოლოგიურად მხნედ არის, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. თავად ამაზე ლაპარაკი არ უნდა, არც პროცესზე უთქვამს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, აქვს სიმსივნე. ხოდა, არ შეიძლება ეს კაცი ციხეში იჯდეს! თავისუფლება მას და ყველა უკანონო პატიმარს!" - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.