ავტორი:

"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში

"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში

"საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში", - აღნიშნა კაია კალასმა.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა:

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, - განაცხადა ლუკ ფრიდენმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, მისთვის იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს.

"ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა:

"კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა.

წაიკითხეთ ასევე: