"ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებები. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.
ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს - იმავე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, როგორებიც არიან, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
აღნიშნულ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იურისტი ნიკა სიმონიშვილი:
"როდესაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პროფესიული საჯარო მოხელეების დიფერენცირება - პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელებიც არ არიან მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული და პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები (ანუ პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელები). პროფესიულ საჯარო მოხელეებზე სხვა ტიპის ცვლილებები მოქმედებს და დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე - სხვა ტიპის ცვლილებები აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“.
ორივე შემთხვევაში ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ დანიშვნა თუ გათავისუფლება მოხდეს არა პროფესიონალიზმის თუ დამსახურების მიხედვით, არამედ პარტიული ლოიალობის მიხედვით, რაც ძირს უთხრის პროფესიონალიზმზე, ცოდნასა და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის პრინციპს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც კონკრეტული სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება. რიგითი საჯარო მომხრეების შემთხვევაში, ეს რეორგანიზაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი და თუ მათ რეორგანიზაცია შეეხებათ, ისინი უბრალოდ, მობილობასაც ვერ შეძლებენ, ანუ სხვა საჯარო დაწესებულებაში მათი გადანიშვნა შეუძლებელი იქნება.
ასევე, როცა ისინი რეორგანიზაციის გამარტივებული პროცედურებით გათავისუფლდებიან, გამორიცხული იქნება მათი შიდა, ან დახურულ კონკურსში მონაწილეობა. ფაქტობრივად, ისინი ეთიშებიან პროცესებს, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას (რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებას) გაასაჩივრებენ, კანონში პირდაპირ არის გაკეთებული ჩანაწერი, რომ მანამდე დაკავებულ, ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა გამორიცხულია და შეუძლებელი. ასევე, საჯარო მოხელეს უნდა შეეძლოს ანაზღაურება მხოლოდ 3 თვის ოდენობით. მან სასამართლოში დავა რომც მოიგოს, მაინც 3 თვის კომპენსაცია უნდა მიეცეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ იდენტური შინაარსის ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და თქვა, რომ ეს არ იყო კონსტიტუციური ნორმა. "ოცნებამ", ფაქტობრივად, ერთის მხრივ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, მეორეს მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება და კანონში იდენტური შინაარსის ნორმა შემოიტანა იმის გამო, რომ დავის შემთხვევაში საჯარო მოხელისთვის უფლებაში აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.
ეს ჩანაწერი განპირობებულია იმით, რომ „ოცნება“ ითვალისწინებს, რომ სასამართლომ შეიძლება სრულიად უკანონოდ ცნოს რეორგანიზაცია და შეიძლება კონკრეტულ საჯარო სამსახურს მისი აღდგენა დაევალოს (ასეთები მომხდარა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კულტურის სისტემაში პოლიტიკური წმენდის შედეგად აღდგენებს ვგულისხმობ). ითვალისწინებდნენ რა, რომ ასეთ დავებს წააგებდნენ, სახელმწიფოს არ უნდოდა, რომ კომპენსაცია სრულად გადახდილიყო (შესაბამისი ანაზღაურება, განაცდური) და რადგან „იაფში უნდათ გამოსვლა“, ამიტომაც გააჩინეს ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში.
თუმცა აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: ამ რეორგანიზაციის პროცესში „ოცნებას“ ხელს შეუწყობს ის გარემოებაც, რომ ხელმძღვანელ პირს 1 თვეში შეუძლია შეცვალოს მოხელის შეფასება, ესეც გარკვეულწილად იქნება იმის განმაპირობებელი, რეორგანიზაციის შედეგად უფრო მარტივად შეძლონ ადამიანების გათავისუფლება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პროცესი მარტივდება ვადების თვალსაზრისითაც - აქამდე თუ 3 თვეში იყო შესაძლებელი რეორგანიზაციის პროცესის ჩატარება, ახლა 2 თვეში იქნება შესაძლებელი,.
დეპარტამენტის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს რაც შეეხება, "ოცნებამ" გააკეთა ის, რომ ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ფაქტობრივად, პირდაპირ არიან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მაგ. სამინისტროებში პირდაპირ მინისტრებთან და მინისტრს მარტივად ექნება შესაძლებლობა, რომ დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები ზედმეტი პროცედურების გარეშე 1 თვის კომპენსაციის მიცემით გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან“.
იურისტი განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის კანონში“ შეტანილი ცვლილებით „ოცნებამ“ დეპარტამენტის უფროსები საჯარო მოხელეებიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს და ის აღარ გაითვალისწინეს, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები მათზე უბრალოდ, აღარ გავრცელდებოდა.
"დეპარტამენტის უფროსები ხდებიან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და კანონი ასეთ პირებთან მიმართებით არ მოითხოვს სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულებას, ანუ იმან, რაც "ოცნებამ" ამ პირებთან მიმართებით შეცვალა, არაპირდაპირ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აღარ მოითხოვება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ეს ჩანაწერი აქამდეც იყო კანონში, უბრალოდ, ამ მიღებულ ცვლილებებს მოჰყვა შედეგად სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხებიც. ანუ საჯარო სამსახურში არ იცვლება ის პრინციპი, რომ ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს, კონსტიტუციაშიც არის ეს ჩანაწერი და ბუნებრივია, ეს ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიცვალა იყო ის, რომ სტატუსის ცვლილების გამო (რადგან ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულები გახდნენ), უკვე დეპარტამენტის უფროსებთან მიმართებით შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათ აღარ მოეთხოვებათ. არ ვფიქრობ, რომ მათი მიზანი ენასთან მიმართებით მაინც და მაინც ეს იყო, უბრალოდ, ვფიქრობ, მათ გაიმარტივეს დეპარტამენტის უფროსების გათავისუფლების საკითხი ისევე, როგორც რიგითი საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცედურები.
დეპარტამენტების უფროსებთან მიმართებით ასევე არაკონსტიტუციური ცვლილება შეიტანეს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მიმართებით ასევე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ის ამბობს, რომ ისინი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები და არც ერთ შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად არ უნდა ჩაითვალონ. აქაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შევიდა კანონში ცვლილება, მათ ამით უნდოდათ გაემარტივებინათ მოხელეების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესი, ანუ ეს პროცედურა მთლიანად პარტიულ ვერტიკალს უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული, შესაბამისად, საჯარო სამსახურიც პარტიულ ვერტიკალში უნდა მოექციათ მთლიანად, ეკონტროლებინათ მარტივად და მათზე პირდაპირი ტერორი და რეპრესიები განეხორციელებინათ.
ამ ცვლილებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხი შეეხო დეპარტამენტის უფროსებს, ანუ ის რაც არ მოითხოვებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან მიმართებით (მაგ. მინისტრის მრჩევლები, თანაშემწეები, პარლამენტის წევრების თანაშემწეები არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) სახელმწიფო ენის ცოდნა და ეს პრინციპში, ბუნებრივიც იყო. რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდოდა გათავისუფლების პროცესის გამარტივება, ამ კანონში შეტანილი ცვლილებით მათ ნაბიჯი გადადგეს იქითკენ, რომ დეპარტამენტის უფროსები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს და ჩემი ვარაუდით, აღარ გაითვალისწინეს, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები მათზე უბრალოდ, აღარ გავრცელდებოდა. შესაბამისად, ეს საკითხი ერთგვარად კომპლექტში მოჰყვა, არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მათი ძირითადი მიზანი, უბრალოდ, მათ ეს არ გაითვალისწინეს, ან გამორჩათ.
აქ ძირითადი საკითხი მაინც ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დეპარტამენტის უფროსებთან მიმართებით დიდი ბოროტება ჩაიდინა და არაკონსტიტუციური კანონი მიიღო, რასაც თანმდევად მოჰყვა ის შედეგი, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ დაექვემდებარნენ პარტიულ ვერტიკალს, არც ქართული ენის ცოდნა მოეთხოვებათ.
საჯარო სამსახური პროფესიონალი რგოლია სახელმწიფო მმართველობაში და ამ შემთხვევაში მას პროფესიონალიზმის და სახელმწიფო ინტერესების მოქმედების პრინციპი ფაქტობრივად გამოეცალა. ამ რგოლის ადგილი დაიკავა პარტიულმა ერთგულებამ, სახელმწიფომ მართვის პრინციპი პროფესიონალიზმიდან პარტიულ ლოიალობამდე დავიდა, რაც, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. „ოცნება“ ამას სხვანაირად უყურებს, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც მთლიანი სახელმწიფო აპარატი უნდა ექვემდებარებოდეს, მათ სახელმწიფოს გაგება ამგვარი აქვთ, რეალურად, როდესაც სახელმწიფო აპარატს უქვემდებარებ ერთი ადამიანის და ერთი პარტიის ნებას, ეს ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.