ავტორი:

როგორ ეხმაურება შსს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს, სიღნაღში, სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს

როგორ ეხმაურება შსს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს, სიღნაღში, სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება „სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით“.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს.

განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული.

ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება.

ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული.

მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.