ავტორი:

"რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი რას წამოგაძახებს" - რას წერს როინ ქოჩორაშვილი პარტიების დაფინანსების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი რას წამოგაძახებს" - რას წერს როინ ქოჩორაშვილი პარტიების დაფინანსების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი როინ ქოჩორაშვილი პარტიების დაფინანსების საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა დაფინანსების ირგვლივ 3 პარტიის ურთიერთლანძღვის და ურთიერთბრალდებების შემდეგ, ალბათ ბევრი ხვდება, რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი მათგანი რას წამოგაძახებს და რომელი დიდი თუ მცირე ოლიგარქის ინტერესებს ატარებს, ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში.

ასე ხდება, როდესაც ვალდებულებები ამომრჩევლის წინაშე კი არა, ფულის წყაროს წინაშე გაქვს.აუცილებლად მოვა ყველაფრის გარჩევის და ყველაფერზე ლაპარაკის დრო, მაგრამ დღეს მიზანი სულ სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანია" - წერს ქოჩორაშვილი.

  • შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

მოგვიანებით, "კოალიცია ცვილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაფინანსების მიღების საკითხზე სხვა ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- დაწერა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას პოზიციას მოჰყვა "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური ნარატივის გამეორება" ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა "ოცნების მესიჯბოქსში და სცენარში მონაწილეობა".

"ძლიერი საქართველოს" პოზიციიით, მათი გაერთიანებიდან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, თანხას მოხმარდება "საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ". ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ "პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს".

ამასთან, ხაზარაძის თქმით, როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას "ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები!", ხაზარაძე ამბობს, რომ კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

"არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა "ოცნების"“მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა "ოცნების" მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!", - დაწერა ხაზარაძემ "ფეისბუქზე".

წაიკითხეთ ასევე: