ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებული მომღერალი, არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა მიიღო.
მოსამართლემ მეფარიძეს მუქარის ნაწილში 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ძალადობის ნაწილში 10 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და საბოლოოს მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დღევანდელ პროცესზე მეფარიძემ განმარტა, რომ ის დამნაშავე არ არის.
"ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი, იმ ფიცის ქვეშ, რომლისაც მწამს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო სწორ განაჩენს გამოიტანს და მე ვიქნები მართალი",- განაცხადა მეფარიძემ.
ამასთან, დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან ზაქრაძემ განაცხადა, დაზარალებული ჩვენებაში იტყუება.
"დაზარალებული დაზიანებული ყურის შემოჩეჩებას ცდილობდა არჩილ მეფარიძისთვის“, - განაცხადა ზაქრაძემ.
ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: