აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 35 დაშავდა.
FBI მომხდარს, როგორც "ტერორისტულ აქტს" ისე იძიებს.
თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, - ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, - განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ სამართალდამცავებს მამაცი და სწრაფი რეაგირებისთვის, რის წყალობითაც თავიდან აიცილეს "უფრო დიდი სიკვდილი და დაზიანებები".
წერილობით განცხადებაში ის დასძენს, რომ მან თავის გუნდს მიმართა, უზრუნველყოს სამართალდამცავებისთვის ყველა რესურსის ხელმისაწვდომობა, რადგან ოფიციალური პირები მუშაობენ სიტუაციის გასარკვევად და "უზრუნველვყოთ, რომ არ არსებობს რაიმე სახის საფრთხე".
"გული მტკივა მსხვერპლის გამო და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს, ეს ადამიანები უბრალოდ ცდილობდნენ დღესასწაულის აღნიშვნას", - ამბობს ბაიდენი.
განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი რეაქცია მომხდარზე იყო "სიბრაზე და იმედგაცრუება".