ავტორი:

უჰაერობის გამო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა, დარბაზში დამატებითი მაგიდა მიიტანეს - რა ხდება აქციაზე დაკავებულების პროცესზე

უჰაერობის გამო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა, დარბაზში დამატებითი მაგიდა მიიტანეს - რა ხდება აქციაზე დაკავებულების პროცესზე

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მან თავდაპირველად წყალი ითხოვა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სხდომის დარბაზიდან გასვლა. მიმინოშვილი სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ.

ამის შემდეგ ადვოკატებმა კვლავ სთხოვეს მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დარბაზი კვლავ არ შეცვალა. მისი განმარტებით, ბრალდებულს რამდენიმე წუთით დაელოდებიან და თუკი საჭირო გახდება, სასწრაფო დახმარებას გამოუძახებენ.

  • ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში ადვოკატებისთვის დამატებითი მაგიდა მიიტანეს.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ის დაცვის უფლებას ჯეროვნად ვერ ასრულებდა, რადგან ადვოკატები მაგიდასთანაც კი კარგად ვერ ისხდნენ.

სხდომათა დარბაზში მაგიდის შეტანას დაკავებულების ოჯახის წევრებისგან ტაში და სიცილი მოჰყვა.

ამ წუთებში სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით გრძელდება. პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.

პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ასევე: