"2021 წელი რომ დგებოდა, მაშინ ღელვა მქონდა, იმაზე ვფიქრობდი, საუკუნის წინანდელი ამბები არ დატრიალდეს-მეთქი, რადგან ამისთვის გარკვეული მინიშნებები არსებობდა... 2021-მა წელმა ისე ჩაიარა, დიდად კმაყოფილს არ გვტოვებდა, მაგრამ მაშინ ასეთი მკაფიო გამოხატულება არ ყოფილა. 2024 წელს მოხდა ის, რასაც 2021 წელს ველოდი,“ - გვეუბნება დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. მას ასევე იმ მომღერლებს შორისაც ნახავთ, რომლებიც საყოველთაო, უწყვეტ პროტესტს მუსიკის ჰანგებით ძალას მატებენ. დავითი ინოლა გურგულიას შვილია.
- ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, სიტუაცია ჩიხშია... საზოგადოების, მოქალაქეების, მოსახლეობის დიდი ნაწილი უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი არც რუსთაველზე დგას და საერთოდ საწინააღმდეგო პოზიციაზეა. მათგან ნაწილი იდეის ერთგულია, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით ხმას არ იღებს... რას იტყვით ამაზე?
- ის ადამიანი, ვინც ისევ იმ პოზიციას იკავებს და იდეის ერთგულია, - ამას ვერ დავეთანხმები, რადგან იდეა არ არსებობს. ეს რუსეთში შებრუნება თუ შეთრევაა... ყველაფერი გამოწვეულია ძალაუფლების შენარჩუნების მოტივაციით და არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ თვითონ ურჩევნიათ რუსეთი დანარჩენ სამყაროს... ეს თვითგადარჩენის ერთგვარი ინსტინქტია და გარკვეული მიზანიც, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ. მათი მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც მატერიალურად მათზე არიან დამოკიდებული; მათგან სარგებელს იღებენ - ზოგჯერ ფართომასშტაბიანს, ზოგ შემთხვევაში - მინიმალურს; როგორც იტყვიან, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს და იმას სჯერდებიან, რაც აქვთ... საბოლოოდ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება.
რაც შეეხება აქციას, საზოგადოებამ, გარკვეულ შემთხვევებსა თუ დღეებში აჩვენა მასშტაბი. ეს ცოცხალი პროცესია. ზოგჯერ ნაკლებია ხალხი, მაგრამ ის სულისკვეთება და ამ ყველაფრის შეწინააღმდეგების იდეა ცოცხალია, არ ნელდება იმის მიუხედავად, აქციაზე რამდენი ადამიანია... პროტესტს მყარი და უწყვეტი სახე აქვს არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს მასშტაბით...
- და ამ ყველაფრის ფონზე არსებობენ ისეთებიც, რომლებიც აქციაზე მყოფ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათ ამაში თურმე თანხას უხდიან...
- შეიძლება უხეში ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ თუ ვინმე მართლა ასე ფიქრობს, ამის მიზეზი მათი დაცვა კი არა და მერკანტილური მიზანია, - უბრალოდ მგონია, რომ მას აღქმის გარკვეული შეზღუდვა აქვს.ხალხი 44-დღეა აქციაზე დგას და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი! ერთი იქ გაჩენილი ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ: კაცი ამბობს: - აქციაზე რომ ვარ, ძალიან კარგად ვარ. სახლში რომ ვზივარ, - ცუდად ვარო.იცი, რატომო? - მეორემ უთხრა:
- სახლში რომ ხარ, თავი ქოცი გგონიაო...
ჯერ ერთი, იქ უამრავ ნაცნობს ხვდები, მერე უცნობებთანაც გაცნობის, გამოლაპარაკების პროცესიც საინტერესოა. საინტერესო ხალხის თავყრილობაცაა. ხანდახან ფეხებს მისვლა თუ ეზარება, გული გონება იქით მიიწევს. პარადოქსული ამბავიც არის, - ამ სიტუაციის მიუხედავად, იქ ყოფნის გამო გარკვეული სიხარულის განცდაც მაქვს ხოლმე, თუმცა დღეს რა სიხარულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
- პროტესტს აქციაზე ყველა თავისებურად გამოხატავს... თქვენ, როგორც მუსიკოსი, პერიოდულად მღერით და უკრავთ. ჟღერს ძირითადად ფოლკლორული მუსიკა, ასევე საესტრადო ნამუშევრებიც. სიმღერისას მოყვარული მომღერლებიც გიერთდებიან. როგორ გაჩნდა აქციაზე სიმღერის იდეა?
- ეს სპონტანურად გაჩენილი სურვილია. მოგეხსენებათ, ქართულ სიმღერას თავისთავად ერთობა სჭირდება - მით უმეტეს, მრავალხმიანობის გამო. იქ მომღერალი შემადგენლობა სხვადასხვა ანსამბლების ბირთვს წარმადგენს, მაგრამ ჩვენთან ერთად, ხალხიც მღერის და რაღაცნაირად იმ ატმოსფეროს ქმნის, რაც ყველას ერთობის განცდას გვძენს. თვითონაც ვგრძნობ და სხვებსაც უთქვამთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ერთობისთვის.
სიმღერა ასევე სიცივის გაძლებისა თუ რუტინულობის გადასალახავადაც გვეხმარება. მერე ამ დღეების განმავლობაში, სამსახურის შემდეგ აქციაზე რომ დგახარ, არ არის მარტივი და ამ თვალსაზრისითაც - დამხმარეა.
არის დღეები, როცა არ ვმღერით. საერთოდ, არასდროსაა დაგეგმილი, როდის უნდა ვიმღეროთ. ამის სურვილი იქვე წარმოიშობა ხოლმე და ზოგჯერ არა მომღერლები, არამედ სიმღერის მოყვარულები უფრო აქტიურობენ. თან ამ აქციებს ხომ ის თავისებურება აქვს, რომ არ არსებობს სცენა, მიკროფონები, არ არიან ლიდერები, სპიკერები. ყველაფერი უცებ და თვითორგანიზებულად ხდება.
- აქა-იქ დედათქვენის, სიმღერებიც გაისმის ხოლმე, ემოციურად რა არის თქვენთვის, როცა ასეთ საყოველთაო, უწყვეტ პროტესტში ისმის ინოლა გურგულიას უკვდავი ჰანგები და მათ სხვებთან ერთად მისი შვილიც ასრულებთ?
- მომღერლებს თვითონაც უყვართ ინოლას სიმღერები, თავიდან მათი უინსტრუმენტოდ შესრულების სურვილი გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ინოლას სიმღერებს მაინც აკომპანემენტი სჭირდება, მაგრამ გიტარის გარეშეც რამდენჯერმე რაღაცნაირად მოვახერხეთ. სცენა კი არ არის, თუმცა ახალი წლის ღამეს, რომელიც მართლაც ჯადოსნური იყო, რაღაც ისე მოეწყო, რომ მიკროფონები გვქონდა. მოკლედ, ინოლას სიმღერების მიკრო კონცერტი მე, ჩემმა მეუღლემ - თამარ თოლორდავამ და ჩემმა მეგობარმა - ნანა მჟავანაძემ ჩავატარეთ. აქვე ვიტყვი, რომ ნანა მჟავანაძე აქციაზე საშინლად ნაცემი დათა ხარაიშვილის დედაა. დათა ნაცემ-დასახიჩრებულების პლაკატი რომაა, მასზეცაა აღბეჭდილი. ძალიან კარგი ბიჭია, მთარგმნელი. საერთოდ ასეთი კარგი ბიჭები არიან ყველანი და ამაშიც რაღაც გამიზნულობა ჩანს... თუმცა იმ ხალხში ვინც კი იქ დგას, ვინმეს გამოყოფა ძნელია, ამასთან, ყველა იმ განწყობით დადის იმ აქციებზე, რომ საქართველო არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად.
- ინოლა გურგულია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ახლა, ამ სიტუაციაზე, რას იტყოდა - როგორი იქნებოდა მისი აზრი?
- ისევ ჩემს თავზე ვიტყვი - ჩემი ფიქრები საქართველოსადმი, მისი კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერზე ჩემში ინოლასგანაა ჩადებული. არა მგონია, ინოლას ჩემგან განსხვავებული აზრი ჰქონოდა... არ მიყვარს შავ-თეთრად ყურება, მაგრამ, ძალაუნებურად დგება ისეთი მომენტი, როცა ერთ მხარეს არის საშინელება და მეორე მხარეს - ხსნა და სინათლე...
- ეს აქციები მძიმე დღეების ქრონიკასაც იტევს, როცა ადამიანებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ, აკავებდნენ... მაშინ რა ემოცია გქონდათ?
- პირველი ორი კვირა ძალიან დრამატული იყო, რაც ქართველი ხალხის გამოცდაც აღმოჩნდა. ჩვენმა საზოგადოებამ მსხვერპლი გაიღო - ამ ადამიანების დაშავების, დასახიჩრების, დაკავების თვალსაზრისით და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა კვალი შეიძლება დარჩეს ამისგან ადამიანებს (ტრავმებს ვგულისხმობ). ეს, შეიძლება ითქვას, იმ სიმხეცის გამოხატულება იყო, საითკენაც მივყავართ "ოცნებას,“ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გადალახული და უკვე ამის ბევრი ნიშანია. დიდი ხანია, იქ რობოკოპები აღარ გვინახავს, არც მილიციად ქცეული პოლიციის ისეთი აქტივობაა, როგორც მანამდე. ამ ერთგვარ გარინდებას, თუ პაუზას, არ ვიცი, რა მოჰყვება. ისევ ქარიშხალი, ხომ არა? ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია.
- ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანას რა გამოიყვანს?
- ვერაფერს ვიტყვი გარდა იმ ორი ძირითადი მოთხოვნისა - ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლება. ეს უპირობოდაა შესასრულებელი, რომ ქვეყანა ქვეყანას ჰგავდეს და არა სტიქიურად უბედურებაში გადავარდნილს.
პირველადი ამოცანა მაინც ბიჭების განთავისუფლებაა...