თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით ფონზე აცილებენ.
“[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებულები. აღარც ის მჯერა, რომ საკუთარი შვილები უყვართ, დედას, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ის სხვის შვილსაც ითვალისწინებს. ახლა რა აჯილდოებენ? ანუ კარგად შეასრულეს დავალება და დღეს ქეიფობენ. ჩვენი შვილები გარეთ იქნებიან, მათმა შვილებმა იკითხონ, როგორ სახელს დაუტოვებენ შვილებს, თორემ ჩემი შვილი ჩემითაც ამაყობს, მე კიდევ ჩემი შვილით. დღეს ყველა მშობელი უსამართლოდ დაპატიმრებული რუსული რეჟიმის ტყვეების მშობელი, ყველა ამაყობს თავისი შვილით. 21-ე საუკუნეში პატრიოტიზმი ისჯება. ამას მივაღწიეთ? ეს გვინდოდა?”, - განაცხადა დეკემბერში დაკავებული, ნიკა კაციას დედამ, მარინე აფციაურმა.
"მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ - სანქციების არავის ეშინია", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს რესტორან “ბაბილოსთან” განუცხადა.
"ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება..
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. მე არ ვიცი ცალკეული საქმეები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.
ამასთან, მან სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა: “ე.წ. სანქციებს ყოველთვის ვაკრიტიკებდით. სანქციების არავის ეშინია“.
ცნობისთვის,თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი.აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.