რამდენიმე დღეა, დედაქალაქში ზამთრისთვის უჩვეულოდ დათბა, მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება დასავლეთ საქართველოშიც. თუმცა სინოპტიკოსების თქმით, ამინდის არამკვეთრი გაურესებაა მოსალოდნელი. "აქამდე სამხრეთის ზეგავლენის ქვეშ ვიყავით, ახლა არქტიკული ცივი ჰაერის მასებია შემოსული, რომელიც უფრო მეტად იბატონებს და მისი ზემოქმედებით, ამ თბილ ჰაერთან ტალღურად აიწევს და დაიწევს,“ - განგვიმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა:
- უახლოესი 6-7 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ფიქსირდებოდა - დაბლობ რაიონებში დაახლოებით, 20-21 გრადუსებზეც კი მივიდა, მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან - 12, ზოგან - 16-15 გრადუსიც კი იყო.
ამ დღეებში მაღალმთიან რაიონებშიც შედარებით თბილა - ტემპერატურა 12 გრადუსამდეა. ამ დათბობასთან ერთად, თოვლის მცირე საფარები (დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში მოსული) ცალკეულ რეგიონში შენარჩუნებულია, განსაკუთრებით აჭარის, რაჭის და სვანეთის ტერიტორიებზე. მაგალითად, მესტიაში 40 სმ-ია, შოვში - 43, აჭარის ტერიტორიაზე, ხულოში - 67 სმ. თოვლის შედარებით მაღალი საფარი გვაქვს ბახმაროში და გოდერძის გადასასვლელზე.
- რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს?
- შარშან დღევანდელ დღეს გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლე 145 სმ-საც კი აჭარბებდა, მაგრამ ეს უმეტესად გამოწვეული იყო არა იანვარში მოსული თოვლით, არამედ, ნოემბერ-დეკემბერში მოსული თოვლით. მოქმედებდა ხმელთაშუაზღვის ციკლონი და თოვლის საფარი გუდაურში იანვარში 145 სმ ამიტომ შენარჩუნდა. წელს ასე ვერ ვიტყვით. პროცესიდან გამომდინარე, - 54 სმ-ია. ბაკურიანშიც დაიკლო თოვლის საფარმა - 34 სმ-ია, ახალქალაქის მიდამოებში - 3 სმ-ია... კახეთის რეგიონში თოვლი საერთოდ არ გვაქვს.
დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა - 20-21 გრადუსია, სანაპირო რაიონებში - 14-15. აღმოსავლეთ საქართველოში - რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მოიმატა და კახეთში 15 გრადუსს მიუახლოვდა, დედაქალაქში - 13 გრადუსს. შესაბამისად, რამდენიმე გრადუსით მთიან და მაღალ მთიან რაიონებში მოიმატა.
პროგნოზით გათვალისწინებული, ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების მოქმედება, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დღის პირველ ნახევარში ნალექს თოვლში გადასვლა ცოტა გაუჭირდება. იქნება წვიმა და საღამოს საათებში - თოვლში გადაიზრდება, ითოვებს მაღალმთიან რაიონებში. არ არის გამორიცხული ჩრდილო მაღალ მთიან რაიონებში (სვანეთი და რაჭა ტერიტორია) ინტენსიური ნალექი და შესაძლოა თოვლიც მოვიდეს. დღის განმავლობაში თოვლის საფარი მოიმატებს. თოვლის საფარი მოიმატებს აჭარის ტერიტორიაზეც და გურიაში. მთიან რეგიონებში ზოგან წამოთოვს.
ცივი ჰაერის შემოსვლასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან 10 გრადუსითაც კი. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 10-12 გრადუსი და 5 გრადუსით ნაკლები იქნება მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედებას აღმოსავლეთ საქართველო დღის მეორე ნახევრიდან იგრძნობს - თოვა დაიწყება სამცხე ჯავახეთში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. შიდა ქართლში დღის მეორე ნახევარში მოიმატებს ტემპერატურა. შიდა ქართლის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. ასევე რიკოთის გადასასვლელზე. არ არის გამორიცხული სუსტი თოვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა. მაქსიმალური ტემპერატურა შიდა ქართლში 8-10-გადუსამდე დაიკლებს. კახეთში შენარჩუნდება 13-14 გრადუსი. დედაქალაქში დღის ბოლოსკენ წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ალბათ 10-12 გრადუსი იქნება შენარჩუნებული.
- 15 იანვარს?
- ღამით ინტენსივობა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება და დღისით უმეტეს რაიონში ნალექი შეჩერდება. თუ 14 იანვარს ტემპერატურის დაკლებას დასავლეთ საქართველოში ველოდებით. 15-ში 2-3 გრადუსითაა ტემპერატურის მომატება მოსალოდნელი. მთიან და მაღალმთიან ცალკეულ რაიონებში ნალექი თოვლის სახით იქნება.
16 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები ოღონდ, შერბილებული სახით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ და სანაპირო რაიონებში 9 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ცოტა დაბლობ რაიონებში ნალექი წვიმის სახით იქნება, ხოლო 18-17 იანვარს მთაგორიან რაიონებში თოვლ-ჭყაპში გადავა. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს. ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით, 18-19-ში ითოვებს, ამ დღეებში ინტენსიური თოვაც შეიძლება იყოს.
- აღმოსავლეთ საქართველოში?
- არამდგრადი სიტუაციაა შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში... აქაც ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი - განსაკუთრებით 17-18-19-ში. კახეთსა და ქვემო ქართლში ნალექის ინტენსივობა და რაოდენობა ნაკლები იქნება... აღმოსავლეთ საქართველოში, 17-18-ში, მათ შორის, დედაქალაქში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. თოვლს დედაქალაქში არ ველოდებით.
ოღონდ, 19-ში, ღამის საათებში ტემპერატურა 0-თან იქნება მიახლოებულია.