ოჯახის წევრები და ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, კახა თილიძეს ემშვიდობებიან. ტრაგიკული ამბავი გუშინ, ვანო ნადირაძემ გაავრცელა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ფრონტის პირველ ხაზზე თავდაუზოგავად იბრძვის.
“შენისთანა ინტელექტუალი მეომარი არასდროს შემხვედრია ძმაო. კიდევ შევხვდებით ზეციურ სამეფოში, ვალჰალა. დიდება შენ გმირ სულს, კახა ძმაო,“ - წერს ვანო ნადირაძე.

გარდაცვლილ მეომარს ემშვიდობება ოჯახის ახლობელი:
“ჩემი მეუღლის ძმა კახა თილიძე, ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი გარდაიცვალა.
ადამიანი, რომლისგანაც მუდმივად შეიძლებოდა გესწავლა ადამიანობა, სიკეთე, თავმოყვარეობა, პატიოსნება და ღირსება. ეს იყო მეომარი, რაინდი.
კახა ქართველია, რომელიც უკვე 10 წელია ამერიკაში ცხოვრობდა და თავისი ბიზნესი და ოჯახი ჰქონდა, მაგრამ უკრაინის დასახმარებლად მაინც წამოვიდა. იყო ყველაზე ცხელ წერტილებში. ის ყოველთვის პასუხობდა თხოვნას საბრძოლო მომზადების ან ტაქტიკური მედიცინის სწავლების ჩატარების შესახებ. როდესაც რაკეტა მოხვდა ოჰმატდიტში, კიევში სამუშაოდ იმყოფებოდა. კახამ ბიჭები შეკრიბა და სასწრაფოდ საავადმყოფოში ნანგრევების გასასუფთავებლად წავიდა.
ის სასურველი სტუმარი იყო ჩვენს ოჯახში.
ბოლო მისიის დროს თანამებრძოლებთან ერთად დაიჭრა. ევაკუაციის დროს, ჯერ დარწმუნდა, რომ ყველა თანამებრძოლი მანქანაში ჩაჯდა, შემდეგ მისი ჯერი იყო, მაგრამ, ვერ მოასწრო - მტრის დრონმა იმსხვერპლა.
27 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან მიიღო ჯილდო. ის თავისუფლებისთვის გარდაიცვალა..
ვუსამძიმრებთ მეუღლეს და შვილებს. დიდება გმირს!“ -წერს ალიონა ივაშჩენკო.
იხილეთ ასევე: