ავტორი:

ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."

ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."

პარლამენტარი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც კოლეგა დეპუტატ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავს, სადაც სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ის მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს.

"მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ, ჩემს საქართველოს, მაგარ ხალხს, სამარგალოს განსაკუთრებით. ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება, ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს", - ამბობს ზარქუა.

ამის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მადლობას იხდის გვერდში დგომისთვის და აცხადებს, რომ "ყოველთვის გაეცემა პასუხი უსამშობლოებს".

  • რა მოხდა აბუ-დაბიში?

დღეს აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

"საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

"ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო. "ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებს, სადაც ზარქუა და მისი კოლეგები, - "მოღალატე“ და "სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

რამდენიმე საათის წინ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაბიტაშვილი, რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში "ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.

ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ "მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია),“ - წერს ხატიაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: