ავტორი:

"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?

"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?

ბოლო ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს დაწყებული საშინელი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 15 ათასზე მეტი შენობა დაიწვა.


12 იანვარს მეხანძრეებმა მიაღწიეს პროგრესს - ერთი ხანძრის სრულად, მეორის კი დიდწილად ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ ქალაქში ორი დიდი ხანძარი კვლავ მძვინვარებს.


ხანძრის პირველი კერა კი 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. შექმნილ ურთულეს ვითარებაზე გვესაუბრება ლალო ნებიერიძე, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ის ამჟამად თავის პატარა ვაჟთან და დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. ლალო საბანკო სფეროში მუშაობს, პარალელურად, კომუნიკაციების სპეციალისტიცაა, ტრენერიც და სპიკერიც.


ლალო ნებიერიძე:


- სამწუხაროდ, ხანძრები კალიფორნიაში და მით უმეტეს - ლოს ანჯელესის მიდამოებში, ხშირად არის. ხანძრის გარეშე წელი არ გასულა. აქ ძალიან მშრალი ჰავაა, ბუჩქები და ხის ფოთლებიც ადვილად ხმება და ცხელ ამინდში ხანძარიც გარდაუვალია. თუმცა ეს ხანძარი სრულიად განსხვავებულია - ამბობენ, კალიფორნიის შტატისა და ამერიკის მასშტაბით მსგავსი არასდროს ყოფილაო.


ვმუშაობდი, ჩემმა უფროსმა ელფოსტაზე წერილი რომ მოგვწერა, ჩემს სახლთან (მისი სახლი პასიფიკ-პალისეიდსის უბანში მდებარეობს) ხანძრის კერები გაჩნდა და ძალიან ვღელავო. თავად შინ არ იმყოფებოდა, ჩვენ კი მუშაობა განვაგრძეთ, რადგან აქ ხანძარი არ გვიკვირს. რამდენიმე საათში მისგან მორიგი წერილი მივიღეთ, რომ სახლი იწვოდა, რამდენიმე საათში კი ყველაფერი გაუნადგურდა. ეს უბანი, ულამაზესი ხედით, ლოს-ანჯელესში ყველაზე პრესტიჟულია - მალიბუს თავზეა, საოცარი ბუნებით და კლიმატით. აქ სახლების ფასი 5 მილიონიდან ზემოთ არის, უფრო სწორად - იყო, რადგან ყველაფერი გადაიწვა და მიწასთან გასწორდა. მიძნელდება იქაურობაზე წარსულში ლაპარაკი.


- ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეც ლაპარაკობენ...


- ბევრს დაებადა კითხვა, როგორ გაჩნდა ხანძარი? კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, რომ სამ სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით, ერთდროულად გაჩნდა ხანძრის კერები. ყველა კითხულობდა, როგორ შეიძლებოდა ამგვარი დამთხვევა? საეჭვოდ ისიც მიიჩნიეს, სადაზღვევო კომპანიებმა რამდენიმე თვით ადრე რომ გაზარდეს ყოველთვიურ შემოსავალზე დაზღვევის თანხა?! ბევრმა ადამიანმა, გადახდა რომ ვერ შეძლო, უარიც კი თქვა დაზღვევაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ხანძარიც გაჩაღდა.



კიდევ ერთი ფაქტორი: მალიბუ, პასიფიკ-პალისეიდსი და კიდევ რამდენიმე უბანი, რომელიც ხანძარმა მოიცვა, არის ოკეანის სანაპიროზე. წყალი იქვეა, თუმცა, სამწუხაროდ, რეზერვუარი, რომელიც წყალმომარაგებას ემსახურებოდა, ცარიელი აღმოჩნდა, თანაც - რამდენიმე თვის განმავლობაში ასე ყოფილა. ხანძრის შესაჩერებლად მეხანძრეებს არანაირი რესურსი არ აღმოაჩნდათ. ყველაფერს დაემთხვა იმ პერიოდში ამოვარდნილი საკმაოდ ძლიერი ქარი და, შესაბამისად, ხანძარს ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა. 24 საათის განმავლობაში ვითარება სრულიად უკონტროლო იყო. ბევრს ცდილობდნენ მეხანძრეები, მაგრამ - ამაოდ. ფაქტობრივად, ხანძარმა გადაუარა ამ უდიდესი ქალაქის ნახევარს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეხანძრეების უდიდესი მობილიზების მიუხედავად, ვერაფერს გახდებოდნენ. ამის გამო სრული შოკი მქონდა. მომდევნო კერა გაჩნდა ჰოლივუდ ჰილსში, პასიფიკ-პალისეიდსის მომდევნო გორაზე. ამ ადგილიდან ჩვენამდე 5 კილომეტრია, 10-15 წუთის სავალი. იქ გაჩენილი ხანძარი ჰოლივუდის ბულვარსაც უქმნიდა საფრთხეს. იქ მართლაც გაჩნდა ხანძარი, ადგილს, სადაც "ოსკარის“ დაჯილდოება ტარდება, სადაც არის "ქეფითალ რეკორდსი“, უზარმაზარი ხმის ჩამწერი სტუდია. საბედნიეროდ ამ კერის ჩაქრობა მოასწრეს.


ყველა მოსახლე ვიღებდით ინფორმაციებს, სად რა კერა იყო, სად რა საშიშროება გველოდა ან - პირიქით და ა.შ. ასე ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, როგორ გვიახლოვდებოდა ხანძარი. პასპორტებთან ერთად ყველა საჭირო ნივთი ჩალაგებული გვქონდა, მობილიზებულები ვიყავით და ქალაქიდან გასასვლელად - სრულ მზადყოფნაში. თუმცა დაბრკოლებად ჩნდებოდა საცობები, ხალხის პანიკა, მაღაზიებში პროდუქტების და წყლის ყიდვა და ა.შ. ხანძარმა ბევრგან დენის წყაროც დააზიანა და არც ელექტროენერგია ჰქონდათ და არც ინტერნეტი, ამას ქალაქში წყლის დეფიციტიც დაერთო, გამოაცხადეს რომ ონკანის წყალი დასალევად უვარგისი იყო, ამიტომ ან ადუღებული წყალი უნდა დაგველია ან მაღაზიაში ნაყიდი. ძალიან რთულ და საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე - გიორგიზე და დედაჩემზე უნდა მეზრუნა. როგორმე უნდა გამეყვანა ქალაქიდან შორს, თან ისიც კი არ ვიცოდი, დავბრუნდებოდით თუ არა უკან ან თუ დავბრუნდებოდით, რამდენ ხანში და რა დამხვდებოდა აქ. რა თქმა უნდა, კრიმინალის შემთხვევებიც იყო, ბევრი სახლი გაქურდეს, თუმცა დამნაშავე მალე დაიჭირეს.

- შენი ახლობლებიდან ვინმეს დაეწვა სახლი? და კიდევ, ე.წ. სელებრითების დასახლებაში ყველაზე მეტად ვისი სახლები განადგურდა?


xandzari
ლალო ნებიერიძის მეგობრის ცეცხლში გახვეული სახლი


- ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი, განსაკუთრებით მალიბუს არეალში ვინც ცხოვრობდა. ერთ-ერთი სახლი მალიბუს პირველივე ხაზზე, ოკეანეზე ხედით იყო, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით დაბადების დღეზე ან ისე, მუსიკის მოსასმენად. ჩემს კლიენტებსაც დაეწვათ სახლები, ჩემმა უფროსმაც დაკარგა სახლი, სადაც გაზარდა ორი ქალიშვილი, სადაც ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, მუსიკაზე... ყველაფერი დაიწვა. არადა, ამერიკაში, საკმაოდ რთულია, სამუშაოს შოვნა და, ღირებულებიდან გამომდინარე, სახლის შეძენა. საშინელებაა, როდესაც ბევრს შრომობ, ოჯახს კომფორტი რომ შეუქმნა და უცებ, ერთ დღეში გენგრევა ცხოვრება, ცარიელ-ტარიელი რჩები. ლამის მანჰეტენისხელა ფართობი დაიწვა. გამოაქვეყნეს კიდეც ინტერნეტ-მარკეტიდან აღებული მონაცემი - პატარა მონაკვეთზე მდებარე რამდენიმე სახლის ღირებულება, რაც უზარმაზარი ემოციური თუ ფინანსური ზარალის ტოლფასია.


ლოს-ანჯელესის ე.წ. სელებრითებიდან ბევრს გაუნადგურდა სახლი, მათ შორის:

xandzari
პერის ჰილტონის გადამწვარი ვილის ნანგრევები


  • ამერიკელ მსახიობ, მომღერალს, სიმღერების ავტორს, ფოტომოდელს და დიზაინერს პერის ჰილტონს. მისი მალიბუს სახლი განადგურდა. ამ ტრაგედიაზე რეაგირებისას, პერისმა დააარსა საგანგებო ფონდი, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, $100,000 შეიტანა ფონდში და პირობა დადო, რომ დამატებით შემოწირულებებსაც იმავე თანხით შეავსებს.
  • ამერიკელ მსახიობს, პროდიუსერს, ავტორს, რეჟისორს, კომიკოსსა და მომღერალს ბილი კრისტალს. მისი სახლი ტყის ხანძარმა გაანადგურა.
  • ამერიკელ მსახიობს და პროდიუსერს ჯეფ ბრიჯესს. მისი ოჯახთან ერთად საზიარო მალიბუს სახლი ხანძარმა გაანადგურა.
  • ბევრი ქართველისთვის საყვარელ უელსელ-ამერიკელ მსახიობს ენტონი ჰოპკინსს. მსახიობის ქონება სრულიად განადგურდა.
  • ამერიკელ მსახიობსა და კომიკოსს ჯონ გუდმანსაც დაუზიანა ხანძარმა სახლი.
  • ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს ანა ფერისს. მსახიობის სახლი დაიწვა.
  • ამერიკელ მომღერალს, მსახიობსა და მოდელს - ლეიტონ მისტერისა და ამერიკელი მსახიობის, პროდიუსერის - ადამ ბროუდის წყვილის სახლი განადგურდა, მათ ევაკუაცია დასჭირდათ.
  • დიდ ამერიკელ მსახიობს, რეჟისორს, პროდიუსერსა და სცენარისტს - მელ გიბსონს მალიბუს სახლი ხანძარმა გაანადგურა, როცა ის შინ არ იმყოფებოდა.
  • მსახიობ იუჯინ ლევის, ასევე, მომღერლისა და მსახიობის - მენდი მურის სახლებიც ტყის ხანძრებმა გაანადგურა. ხანძარმა ქონება გაუნადგურა მსახიობ კერი ელვესს. განადგურდა ტელეწამყვან რიკი ლეიკის რეზიდენცია. მსახიობ მარკ ჰამილს იძულებით მოუხდა ევაკუაცია.
  • მსახიობი ჯეიმს ვუდსიც ევაკუაციის ზონაში აღმოჩნდა, რადგან მისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უძრავი ქონება ხანძარმა მოიცვა. განადგურდა კომპოზიტორ დიანე უორენის სახლიც. ხანძარმა დააზიანა ამერიკელი მსახიობის, მწერლისა და რეჟისორის - ედ ჰარისის სახლიც.

კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ! ფაქტია, რომ მასშტაბურმა ხანძარმა ათასობით ადამიანს "წაართვა“ საცხოვრებელი ლოს-ანჯელესის რეგიონში.


ლალოსთან ინტერვიუს ჩაწერა პაუზებით მომიხდა, რადგან მას ექსტრემალურ სიტუაციაში უხდებოდა ხმოვანი პასუხების გამოგზავნა - ხანძრის მეორე ტალღის შემდეგ უცებ, დილაადრიან, ლოს ანჯელესის დატოვება მოუხდათ, ამიტომ ჩემს კითხვებზე პასუხების ნაწილი უკვე თვითმფრინავიდან გამომიგზავნა... დიდ უბედურებას ზღვა ემოცია მოსდევს, სიკეთით და სიყვარულით სავსე ამბები, რაც ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს. ლალოსაც ვკითხე, ალბათ შენც გადააფასე რაღაც-მეთქი?

- ლოს ანჯელესში საოცარი მობილიზებაა, ინდივიდუალურად - ცალკეული პიროვნებები, ასევე - ორგანიზაციები, ჩემი მეგობრებიც, ვინც ქალაქში დარჩნენ, ეხმარებიან პუნქტებს, სადაც იკრიბება ხალხი თავშესაფრის მოსაძიებლად და შემწეობის მისაღებად, ამგვარი ჯგუფები ინტერნეტითაც ეხმიანებიან მოსახლეობას და მატერიალურთან ერთად ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ. თანადგომიდან გამომდინარე, ადამიანებში ძალიან პოზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს წლებში ულამაზესი ისტორიული ქალაქი ლოს-ანჯელესიც აღდგება და კიდევ უფრო მეტად გალამაზდება-განვითარდება!


ლალო შვილთან და დედასთან ერთად, აეროპორტში ლოს-ანჯელესის დატოვებისას


ახლა ამ ხმოვან შეტყობინებას თვითმფრინავიდან გწერ, ლოს ანჯელესიდან სან ფრანცისკოში მივფრინავთ, ერთსაათიანი ფრენა გვაქვს. ბევრი ვიფიქრე, სად შეიძლებოდა წავსულიყავით, მანქანით - ქალაქგარეთ თუ ცოტა უფრო მოშორებით, საბოლოოდ შევჩერდი სან ფრანცისკოზე, რომელიც ლოს ანჯელესთან მიახლოებული ქალაქია და თანაც იქ ბევრი მეგობარიც მყავს, რომლებიც დაგვეხმარებიან ბინით თუ თავშესაფრით. ჯერ ისიც არ ვიცით, ლოს ანჯელესში დავბრუნდებით თუ არა. ჩემი კომპანიაც ძალიან მობილიზებულია ამ თვალსაზრისით და მხარს გვიჭერს. ჩემი ოფისი ლოს ანჯელესის ცენტრშია და ამ ეტაპზე არაფერი შეხებია, სრულიად უსაფრთხო ზონაშია, თუმცა არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ზოგადად, ოფისში ნაკლებად დავდიოდით და დისტანციურად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სხვა ქალაქიდან დისტანციურად მუშაობა.


ემოციებს რაც შეეხება, ცოტა მიჭირს, მივხვდე, რას ვგრძნობ. როდესაც ყოველ წუთს გიწევს ახალ-ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, მოკითხვა შენთვის ძვირფასი ადამიანების და ა.შ. ბევრი ფიქრის საშუალებას არ გაძლევს. ზოგადად, თავს მაინც დაცულად ვგრძნობ, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით არიან, ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვერდით გვიდგას, ვინც გვკითხულობს, გვეხმიანება, ვინც გვთავაზობს ამა თუ იმ დახმარებას და ისევ და ისევ მეგობრების მეშვეობით, დახმარებით, სრულიად უსაფრთხოდ ვართ. ბევრს ვფიქრობ და საკუთარ თავს სულ ვახსენებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობა, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მათი უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემო, რომ თავისუფლად ისუნთქონ, კარგად იკვებონ, ჰქონდეთ კომფორტული გარემო, მშვიდად რომ იძინონ, განვითარდნენ და ა.შ.



ჩემი მეგობრის გადაღებული უნიკალური ვიდეო მახსენდება - ყველაფერი გადაიწვა, ორი ბიჭი კი იდგა წყლის შლანგით და ცეცხლს აქრობდა. ირგვლივ გადამწვარ სახლებს შორის ასე გადაარჩინეს ორი სახლი დაწვას. მან ასეთი ფრაზა დაწერა: ადამიანი არც მეხანძრეა და არც ამ კუთხით არაფერი გაეგება, მაგრამ მე მიყვარს ის, რაც ჩემია და ბოლომდე ვიდგები და დავიცავო! მართლაც გულისამაჩუყებელია იმ ბიჭების სიმამაცე.


ზოგადად, ძალიან ძნელია, გაათვითცნობიერო, რამდენად ხარ მატერიალურზე დამოკიდებული და რამდენად უმნიშვნელოა ეს, ხოლო ის, რაც მართლაც ძვირფასი და უმნიშვნელოვანესია, შეიძლება ერთ ჩემოდანშიც ჩაეტიოს.


  • ავტორი: ირმა ხარშილაძე